თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო
ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს
მიმართეს და შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილი მთავრობის
ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.
„7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე, 29 მარტს,
126-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს,
21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა
განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან
დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის
მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.
სამწუხაროდ, ამ და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებისა თუ
მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე
მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად,
იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის
ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე
კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მიმართვაში.
არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს
დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად
მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან
ერთად იმსჯელოს.
„დაუყოვნებლივ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს
პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების
მოსახლეობისა და, ზოგადად, საზოგადოების, ისე იმ არასამთავრობო
ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის
საკითხებზე ვმუშაობთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით,
დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენი, ჩვენი
პარტნიორების მოსაზრებებსა და მოსახლეობის განწყობაზე არსებულ
ინფორმაციას გაგიზიარებთ”, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; რეგიონის
განვითარების ცენტრი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;
„კივიტას გეორგიკა“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
საქართველოს მედია-კლუბი; მმართველობითი სისტემების განვითარების
ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრების ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
წყარო
მასალის გამოყენების პირობები