ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ზურაბ ალავიძის
ინფორმაციით, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს.
მისივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება მათი უწყების მიერ შემუშავებული
თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით
იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ მან „კვირის
პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
”მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება
ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა
არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. დღეს მერისა
და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი
იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ
ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან
მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ
მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური
ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების
უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი
დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია
ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის
გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, - განაცხადა
ალავიძემ.
მისივე თქმით, ამ ცვლილებების გამო საკრებულოები უფუნქციოდ არ
დარჩებიან:
„საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
მაგალითად მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეების და
სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის
შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს
ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა
დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო
საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება
ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15
წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილების მიტანას მერიამდე. მასვე
დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის
ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე,
ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ.“- განაცხადა ალავიძემ.
მასალის გამოყენების პირობები