ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე სოფელში შესვლისთანავე ჩვენს
ყურადღებას მიტოვებული სახლები იპყრობს, როგორც ჩანს, არც თუ ისე დიდი
ხნის წინ, ჭერემი ხალხის სიმრავლეს არ უჩიოდა, ახლა კი საკუთარ კერას
მხოლოდ 20 კომლიღა შემორჩა.
აქ არც ამბულატორიაა, არც საბავშვო ბაღი და არც მაღაზია.
განსაკუთრებით უჭირთ ზამთარში, მაშინ, როდესაც თოვლი სოფლისკენ
მიმავალ რთულ გზას კეტავს. ადგილობრივები ერთმანეთის იმედითა და
გვერდში დგომით ცხოვრობენ. გზად ორი ბავშვი გვხვდება, 13 წლის
ალექსანდრე და 14 წლის ლუკა. ალექსანდრე რამდენიმე წელია, რაც ჭერემში
ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, თავიდან ცოტა გაუჭირდა, თუმცა ახლა
პირობებს შეეჩვია.
„აქ სიმშვიდე და სუფთა ჰაერია. ჩვენი ერთადერთი გასართობი პატარა
სტადიონია, სადაც ფრენბურთს და ფეხბურთს ვთამაშობთ. სოფელში
დაახლოებით ათი ბავშვი ვართ. უკეთესი იქნება, თუ კიდევ მოგვემატება
ვინმე. გაკვეთილების შემდეგ ხან სათევზაოდ მივდივართ, ხან სოფლის
ცენტრში ვიკრიბებით. ჩვენი სურვილია, ტრენაჟორები გვქონდეს, რომ იქ
მაინც ვივარჯიშოთ.“
66 წლის ნატალია ბარბაქაძე წლების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ
საბავშვო ბაღში მუშაობდა. ათი წლის წინ, ქალაქის ხმაურს სოფლის
სიმყუდროვე ამჯობინა და მეუღლესთან ერთად ჭერემში დასახლდა. ახლა
თბილისში ცხოვრება ვეღარც კი წარმოუდგენია.
„წლების განმავლობაში ბაღის გამგე ვიყავი. აქ ჩემი დედამთილი და
მამათილი ცხოვრობდნენ. როგორც პენსიაზე გავედი, მაშინვე აქ
ჩამოვბარგდით. არ მინდოდა ეს სოფელი მიმეტოვებინა. სამი შვილი და ცხრა
შვილიშვილი მყავს, ზაფხულობით გვსტუმრობენ-ხოლმე. თავიდან სოფელში
უფრო მეტი პრობლემა იყო, დენიც კი არ გვქონდა. თანდათანობით რაღაცები
უკეთესობისკენ იცვლება. ახლა გვპირდებიან, რომ მდინარეზე გადმოსასვლელ
ხიდს გააკეთებენ. უხვი ნალექის დროს, მდინარე დიდდება და რაიონთან
კავშირი საერთოდ წყდება. კარგი იქნება, თუ კაკაბეთის გზასაც
შეარემონტებენ, რომ თბილისამდე მგზავრობა გაგვიადვილდეს.“
ნატალია ბარბაქაძე სოფელ ჭერემში ტურიზმის განვითარებაზეც ზრუნავს,
ამიტომ ის ოჯახური სასტუმროს აშენებას გეგმავს.
„რამე რომ დაგვჭირდეს, არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ყველაფრისთვის
ველისციხეში გვიხდება წასვლა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე
სოფელია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ტურისტები ჩამოვიდნენ და ჭერემის
ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ. ახლა სათანადო პირობები არ გვაქვს და
ვერავინ მოდის. მე, ჩემმა მეუღლემ და შვილმა გრანტი დავწერეთ, ოჯახური
სასტუმრო გვინდა გავაკეთოთ, ვნახოთ, რა იქნება. მეოთხე საუკუნის
ისტორიული ქალაქია, აქ თავის დროზე ვახტანგ გორგასალს უცხოვრია და
ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაივიწყოს.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ჭერემის
ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჩიტაშვილის თქმით, ადგილობრივი
ხელისუფლებისთვის აღნიშნული პრობლემები ცნობილია და მათ გადაჭრაზეც
მუშაობენ. სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 2016 წელს
მიენიჭა.
„გასულ წლებთან შედარებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა
გამოსწორდა. მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებამ პენსიების ზრდაც
გამოიწვია. სამი წლის წინ სკოლას ლიკვიდაცია ემუქრებოდა, იმიტომ, რომ
ერთი ბავშვიც არ დადიოდა. მოსახლეობის დახმარებით, მივაღწიეთ იმას,
რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ახლა უკვე რვა ბავშვს ითვლის.
დირექტორიანად ექვსი მასწავლებელი გვყავს. ამჟამად სოფელში არ არის
გაზი, არ გვაქვს ამბულატორია. თუმცა გვპირდებიან, რომ უახლოეს
მომავალში პრობლემა მოგვარდება. ბაღის კონტინგენტი არ გვყავს და
ამიტომ ჯერ არც არის ამაზე საუბარი. სოფელში გაკეთდა გარე განათება,
მოწესრიგდა წყლის სისტემა. მინდა ყველა მცხოვრებს მადლობა გადავუხადო.
ისინი გმირები არიან, რადგან ასეთ რთულ პირობებში შეძლეს
ცხოვრება.“
სოფელში უცხო სტუმრების გამოჩენა განსაკუთრებით უხარიათ. იმ იმედით
გვემშვიდობებიან, რომ მომავალში კიდევ ვეწვევით. კახურ
სტუმარ-მასპინძლობას არ ღალატობენ, ზაფხულში სიცხისა და
ყოვედღიურობისგან გასაქცევად, საკუთარ სახლებში დასვენებას
გვთავაზობენ.
მასალის გამოყენების პირობები