მართვის მოწმობისთვის 1-ელ ივლისს მინიჭებული 100 ქულა ძალაში 2018 წლის 1-ელ იანვარამდე იქნება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა
სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მართვის მოწმობის
100-ქულიანი სისტემის შემოღების საკითხი განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელ ივლისიდან, თითოეულ მართვის
მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაში 2018 წლის 1-ელ
იანვრამდე იქნება.
2018 წლიდან კი მართვის მოწმობას კალენდარული წლის განმავლობაში
100 ქულა მიენიჭება.
ქულების რაოდენობით 0-მდე, ან 0-ზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირება იწვევს
მართვის მოწმობის მფლობელი პირისთვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი
წლის ვადით. მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი
წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებს გამოცდას და ამისთვის
გამოცდაზე გასვლა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
შსს-ს უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული ფოსტით, ან მოკლეტექსტური
შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ
გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების
რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგ კი 20 ქულამდე შემცირდება.
ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის ქულები შემდეგნაირად
განისაზღვრება:
ალკოჰოლური/ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა - 30-40 ქულა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის, ან მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მართვის დროს მძღოლის მიერ
მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა - 5-20
ქულა;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, ან სატრანსპორტო
საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/მარეგულირებლის მოთხოვნის
შეუსრულებლობა - 15-35 ქულა;
სანტრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 15კმ/სთ-დან მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-სა
- 10 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 20 ქულა;
სანტრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების
დარღვევა - 20 ქულა;
მასალის გამოყენების პირობები