გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილედ სიმონ ქოჩორაშვილი
დანიშნა. ის მანამდე საკრებულოში სოფელ კარდენახის მაჟორიტარი
დეპუტატი იყო.
სიმონ ქოჩორაშვილი კოორდინაციას გაუწევს საკუთრების აღიარების
კომისიას, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ასევე შიდა აუდიტის
სამსახურებს.
„შემოთავაზება სამთავრობო გუნდიდან წამოვიდა. სამი წელია უკვე
საკრებულოში ვარ. ყოველთვის ვიბრძოდი, რომ რა ვალდებულებებიც ჩემს
სოფელთან მიმართებაში მქონდა, შემესრულებინა. რაღაც შევძელი და რაღაც
- ვერა. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრიც გასაკეთებლია. 2017 წლის
ბიუჯეტის პროექტის განხილვაშიც მივიღე მონაწილეობა. აქედან
გამომდინარე, თითქოს ჩემი თავი საკრებულოში უკვე ამოვწურე. კარდენახში
რა გაკეთდება გურჯაანში, თუ სხვაგან, ამ პოზიციიდან უფრო კარგად
მივადევნებ თვალს. ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ენერგიასა და
გამოცდილებას არ დავიშურებ, რომ ნომინალური ადამიანი არ ვიყო და
მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღო. აქტიურ მუშაობას
მომავალი კვირიდან დავიწყებ.“- აღნიშნა სიმონ ქოჩრაშვილმა
speqtri.ge-სთან.
გამგებლის ახლადდანიშნული მოადგილე
დეპუტატობის პერიოდში გამგებელ გია გერგიძეს
ხშირად უპირისპირდებოდა და
საკრებულოს
დისკრედიტაციაში ადანაშაულებდა. ჩვენს კითხვაზე- როგორ აპირებს
ამის შემდეგ მასთან თანამშრომლობას და რამ განაპირობა მისი ამ პოსტზე
დანიშვნა, სიმონ ქოჩრაშვილი პასუხობს:
„არაფერი სენსაციური არ ხდება. ჩემი აზრით, ეს დემოკრატიული პროცესია
და ცუდი პრეცედენტი არ არის. განსხვავებული აზრი ყოველთვის უნდა
არსებობდეს, კამათში იბადება ჭეშმარიტება. რაღაც საკითხზე მე სხვა
შეხედულება მქონდა, ბატონ გამგებელს - სხვა. არგუმენტებით შევდიოდით
ერთმანეთთან პოლემიკაში. მტრები არ ვართ და ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა
ვიცნობთ. ჩვენ ერთ გუნდშიც აუცილებლად გვექნება განსხვავებული აზრი.
ჩემი პოზიციის დაფიქსირებას არასოდეს ვერიდებოდი და ახლაც ასე იქნება.
ერთი ადამიანი აზროვნებდეს და დანარჩენი შემსრულებელი იყოს, ეს
სიკეთემდე არ მიგვიყვანს. პირველ რიგში, კრიტიკული საკუთარი თავის
მიმართ ვიქნები.“- ამბობს გამგებლის მოადგილე.
ცნობისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სიმონ ქოჩორაშვილი
გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს
„თავისუფალი დემოკრატებიდან“ იყრიდა. თუმცა მან კანდიდატურა
მოხსნა და მოგვიანებით პარტიაც დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები