საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა საბავშვო
ბაღების გახსნას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი შვილებისთვის
მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების გონებრივ განვითარებას
შეუწყობს ხელს.
ლამბალოში მცხოვრები საიათ ქაზუმგიზი ამბობს, რომ მისი შვილიშვილები
მთელი დღე ქუჩაში თამაშობენ.
-„ჩემი ერთი შვილიშვილი 6 წლის ხდება, მეორე 5-ს. სოფელს ბაღი არ აქვს
და მთელი დღე ქუჩაში არიან, ბაღი მხოლოდ ქეშალოშია, ისიც ერთ ოთახშია
გახსნილი და 10-20 ბავშვი დადის. ვიცით, რომ დუზაგრამაშიც უნდა
გახსნილიყო. გვინდა ბაღი ჩვენთანაც იყოს, მაგრამ არ გვაქვს. ჩემს ძმას
ბავშვები ბადიაურში დაჰყავს.“
ამავე სოფლის მცხოვრები ალხანოვ მოიფადინ ისაოღლი ამბობს, რომ ახალი
ბაღის გახსნა მათ სოფელში არსებულ ყოფილი ბაღის შენობაშიც
შეძალებელია.
-„ხომ შეიძლება, რომ იმ შენობაში ისევ ბაღი გავაკეთოთ. ჩემი
შვილიშვილები „ბირჟაზე“ გამოდიან და აქ თამაშობენ. სანამ ბავშვები
სკოლაში მივლენ, ბაღში შეეძლებათ კარგად ისწავლონ ქართული.“
კაზლარის მკვიდრი ორხან ისმაილოვი 2 შვილის მამაა. ერთი 2 წლის და 5
თვისაა, მეორე 1 წლის და 2 თვის. როგორც ის ამბობს, ბაღი
შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს, რომ რეჟიმს მიეჩვივნენ.
-"ბაღი ცუდი რომ იყოს, საქართველოს სხვა სოფლებშიც არ გახსნიდნენ.
საჭიროა, რადგან ბაშვებს ბევრ რამეს ასწავლიან. ამიტომ კარგი იქნება,
თუ ჩვენთანაც გახსნიან.“
საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ელზა
გილაშვილი ამბობს, რომ ლამბალოში ნაქირავებ სხვადასხვა შენობაში ორი
ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს იღებენ 4 წლიდან
ზევით, თუმცა, იქ კვება არ არის გათვალისწინებული, 9-დან 2 საათმადე
მუშაობს და მხოლოდ განათლების მიღებაზეა ორიენტირებული.
-„როდესაც ქვეყანა აირია, ბაღის ძველი შენობებიც განადგურდა. მათი
აღდგენა შეუძლებელია. არც ფანჯარა აქვს და არც კარი, მხოლოდ
ჩამონგრეული კედლებია. ეს ორი ალტერნატიული ჯგუფი ორგანიზაცია კივიტას
გეორგიკამ ლამბალოში 2013 წელს გახსნა, რომელიც შემდგომ ჩვენს
ბალანსზე გადმოვიდა. იმ პერიოდში, ბევრი ვიარეთ, მაგრამ სოფელში
ფიზიკურად შენობა ვერ ვნახეთ, სადაც ორივე ჯგუფი ერთად
განთავსდებოდა.
ეხლა დუზაგრამაში ვხსნით კიდევ ერთ ქართულენოვან ბაღს და ასევე
იორმუღანლოში უნდა აშენდეს ახალი შენობა. სხვა სოფლებში ნამდვილად არ
გვაქვს.“
ელზა გილაშვილის თქმით, ბაღისთვის შენობის შეძენა გაერთიანებაზე არ
არის დამოკიდებული, ეს მუნიციპალიტეტმა ან რეგიონული განვითარების
ფონდმა უნდა გადაწყვიტოს.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი
განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევა, სადაც
კომპანია სოკარი საბავშვო ბაღს ააშენებს.
-„კომპანია სოკართან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი აწარმოებს
მოლაპარაკებას იმისთვის, რომ მოხდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან
გარკვეული მიწის გამოყოფა სოფლის ცენტრში. სოკარის მიერ აშენებული
საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა. უახლოეს პერიოდში
ასევე გავხსნით საბავშო ბაღს დუზაგრამაში. შენობა უკვე მზად
არის.“
რაც შეეხება კაზლარს, გიორგი გზირიშვილი ამბობს, რომ გეგმავენ, იქ
შენობა შეისყიდონ ან იჯარით აიღონ, სადაც საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ
ეტაპზე მუნიციპალიტეტი ფართის მოძიების ეტაპზეა.
მოისმინეთ რადიოსიუჟეტი ამავე თემაზე_
ქართულად
მოისმინეთ რადიოსიუჟეტი ამავე თემაზე_
აზერბაიჯანულად
მასალის გამოყენების პირობები