მძღოლები, რომლებიც მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით
შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
განაცხადა. მისივე განმარტებით, წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა
იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა
კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა კანონმორჩილი მძღოლებისთვის
სხვადასხვა პრიზი ან გათამაშებაც დაწესდეს.
„ერთი მხრივ, ჩვენ შემოვიღეთ სანქცია, როდესაც საგზაო მოძრაობის
წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე აკლდება ქულა, მაგრამ
მეორე მხრივ, იქნება ბევრი მძღოლი, რომელიც მოწესრიგებულად დადის და
იცავს წესებს. ვფიქრობთ, სახელმწიფომ ასეთ მძღოლებსაც რაღაც უნდა
უთხრას. უნდა უთხრას, პირველ რიგში, მადლობა, მაგრამ დამატებით
შესაძლებელია, რომ ქულების სისტემა გამოვიყენოთ მათი
წახალისებისთვისაც. ასეთი მძღოლები, ლოგიკურად გამოდის, რომ
პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარ სიცოცხლეს,
საკუთარ ქონებას და სხვის უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც. ვფიქრობთ
ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ყოველწლიური წამახალისებელი აქციაც
გვექნება. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მატერიალური წახალისება,
შეიძლება სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად დააწესონ პრიზები,
შეიძლება გათამაშება გაკეთდეს და ა.შ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით,
ახალი კანონმდებლობის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ
გვექნება შედეგების პირველი ანალიზი, უკვე შესაძლებელი იქნება პირველი
ნაბიჯები დავგეგმოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც სხვა
ახალ რეგულაციასთან ერთად, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა
შემოდის, პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და ის ძალაში
1-ელი ივლისიდან შევა.
მასალის გამოყენების პირობები