„ტოპ შვიდი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში“- კონკურსი მოსწავლეებისთვის
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით
დაიწყო კონკურსი „ტოპ შვიდი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო
გურჯაანში“. კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები
მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა ასაკიც შეზღუდული არ არის.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის
ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, პროექტი ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
„თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფოტომასალა გურჯაანის
მუნიციპალიტეტში არსებული 7 ადგილისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ.
აქედან ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა იყოს კონკურსანტის
საცხოვრებელი სოფლიდან, ერთი - ღვინის მარანი და ერთიც -
მუზეუმი, დანარჩენი კი თავისი ინიციატივით უნდა შეარჩიოს. თითოეულ
ფოტოს თან უნდა ერთვოდეს ისტორია გადაღებული ადგილის შესახებ,
ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ მნიშვნელობაზე და მოხდეს მისი
უნიკალური კულტურული იდენტობის წარმოჩენა. კონკურსი ორ ეტაპად
ჩატარდება. 18 მაისს სკოლა გამოავლენს გამარჯვებულებს, მაქსიმუმ სამ
კონკურსანტს. ამის შემდეგ, 25 მაისს ჩატარდება დასკვნითი ეტაპი.
გამოვლინდება, როგორც პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი,
ასევე აღმოჩენილი ადგილი, საინტერესო ისტორია და საუკეთესო
ფოტონამუშევარი“.
ეკა ცისკარაშვილის თქმით, კონკურსის მიზანია გურჯაანის
მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება.
„ჩვენი მიზანია გურჯაანში, ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი და
კონკურსანტებიდან მიღებული მასალით გავამდიდროთ ინტერნეტსივრცე.
ნამუშევრები დაარქივდება და პროექტების მიხედვით სხვადასხვა
მიმართულებას მივცემთ. რა თქმა უნდა, საავტორო უფლებები დაცული
იქნება. გარდა ამისა, არ დავუკარგავთ შრომას იმ ბავშვებს, რომლებიც
კონკურსის მიღმა დარჩებიან. მათ ნამუშევრებს სამუშაო სახეს მივცემთ.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ სამომავლოდ პროექტს აუცილებლად ექნება
განვითარება და ამისთვის საზოგადოების ფართო ფენების ჩართვას
ვგეგმავთ, ასე რომ წინ ძალიან ბევრი და საინტერესო თუ შემოქმედებითი
თავგადასავალი ელოდებათ გურჯაანელებს.“
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის
განმარტებით, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო
გამარჯვებულები სპონსორების მხარდაჭერით ფასიანი საჩუქრებით
დაჯილდოვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები