საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეიდან შეიარაღებულ ძალებში
მოქალაქეებს იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას
სთავაზობს.
4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი
შემადგენლობა 35 წლამდე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი
წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო
სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება
წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი
უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის
უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების
სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე
უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს
უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.
რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT
– Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი
საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2017 წლის 5 ივნისიდან. სპეციალურ
პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით,
სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო
მომსახურებითა და განთავსებით.
საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 18 აპრილიდან 10:00 საათიდან
16:00 საათამდე, ქ. ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
(მისამართი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი)
და ქ. ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (მისამართი:
ქ. ახალციხე, კოსტავას ქუჩა №1 სამხედრო ქალაქი).
მასალის გამოყენების პირობები