საბაგირო გზა, ტექნოპარკი, ამფითეატრი - გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.
ტერიტორიაზე, რომელიც 28 წლის განმავლობაში უფუნქციოდაა დარჩენილი,
სხვადასხვა გასართობი საშუალებები მოეწყობა.
დღეს პარკი მუნიციპალური განვითარების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
როგორც ჩვენთან საუბარში დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი
მაჩხაშვილმა აღნიშნა, იდეა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით
სონღულაშვილს ეკუთვნის.
„დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებისათვის თავიდანვე აქტიური მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციაა.
აღნიშნული საკითხის გამო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრთან არაერთგზის ჰქონდა შეხვედრა. დღეს მუნიციპალური
განვითარების ფონდიდან ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი და ტერიტორია
დაათვალიერა. მანამდე ადგილობრივ გამგეობასთან შეთანხმებით შედგა
მონახაზი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს იყო პირველი საფეხური.“
გოგი მაჩხაშვილის თქმით, 16 ჰექტარ ფართობზე სხვადასხვა გასართობ
საშუალებებთან ერთად, ტექნოპარკიც აშენდება.
„მოეწყობა საბავშვო გასართობი ცენტრი, „კარუსელები“, ამფითეატრი,
საბაგირო გზა, კაფე-ბარები, ველოსიპედის ბილიკები, დაირგვება ახალი
ნარგავები, მოწესრიგდება სველი წერტილები და ა.შ. დავით სონღულაშვილის
ინიციატივით, ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გაკეთდება
ტექნოპარკი. ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 მილიონი ლარი დაჯდება.“
მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოები დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდება,
შედგება პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და ამის შემდეგ გამოცხადდება
ტენდერი.
რა ფორმით ჩაერთვება ადგილობრივი ხელმძღვანელობა პარკის რეაბილიტაციის
საქმეში, ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხზე
კომენტარი არ გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები