ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ - გურჯაანში საერთო საცხოვრებლიდან ხალხს ასახლებენ
გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, მობინადრეებს
ასახლებენ. ბინა 1991 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის გაჟონვის
შედეგად აფეთქდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, კორპუსი ავარიულია და
ამიტომ უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია. მცხოვრებლების თქმით
კი, ბინა ნორმალურ მდგომარეობაშია.
58 წლის ელნაზი ბოჭორიშვილი, იქ უკვე მეათე წელია ცხოვრობს. თავის
დროზე ფართი შეისყიდა, მაგრამ არ დაუკანონებია. როგორც თვითონ ამბობს,
ბინიდან გასახლების შემთხვევაში, წასასვლელი არსად აქვს.
„ აქ ვინც ვართ, არც ერთს თავშესაფარი არ გვაქვს. მე თვითონ ეს ბინა
ვიყიდე და ყველაფერი თავიდან გავაკეთე. არც წყალი იყო, არც შუქი და
არც კანალიზაცია. რაც აქ ვარ, სულ ამბობენ, ავარიულია დაინგრევაო,
მაგრამ ისევ ისე დგას. საამისო არაფერი სჭირს. გვეუბნებიან ბინები
დაცალეთო, სად წავიდეთ? ორი გოგო მყავს, დაოჯახებულები, მაგრამ რომელ
სიძეს შევეკედლო? ყველას თავისი თავი გასჭირვებია. სპილოს დაავადება
და სიმსივნე მაქვს. დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შემიძლია.“
როგორც ელნაზი ბოჭორიშვილი ამბობს, იძულებით გასახლების შემთხვევაში,
უკიდურეს ზომებს მიმართავს.
„თუ მეტყვიან, რომ საკუთარი ჭერი მექნება, 24 საათში დავტოვებ
აქაურობას. თუ არადა, ცოცხალს ვერ გამიყვანენ. როცა პოლიცია მოვა
ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ. გინდა დღეს მოვმკვდარვარ, გინდა
ხვალ, იქნებ ამით ამ უბედურ ხალხს მაინც ეშველოს. გამგეობაში
ექსპერტიზის დასკვნა მოგვცეს, მაგრამ იქ საგანგაშო არაფერი წერია. თუ
რამის გაკეთებას აპირებენ, ჩვენ ხელს არ შევუშლით. პირიქით, მუშებს,
რითაც შეგვიძლია, დავეხმარებით. 50 ლარი მაქვს შემწეობა. აქედან რომ
გავიდე და ქირით ვიცხოვრო, ამ ფულით საჭმელი ვჭამო, წამალი ვიყიდო თუ
ბინის ქირა გადავიხადო? მარტო ამაზე გაგვცენ პასუხი.“
მეზობლის აზრს იზიარებს 32 წლის თინათინ ძველიშვილიც, რომელიც 86 წლის
ბებიასთან, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
„წასასვლელი არსად მაქვს. სახლი გვქონდა, მაგრამ წლების წინ ჩემმა
მაზლმა გაყიდა. ქმარი რომ დამეღუპა, მიცვალებული ნათესავთან
დავასვენეთ. აქ უკვე 14 წელია ვცხოვრობ. არაფრის საშუალება არ მაქვს,
პენსია და დახმარება წინასწარ გამოვიტანე. ამჟამად ამდენი ხალხი
ბავშვის პენსიაზე ვართ დამოკიდებული. ათასში ერთხელ კერძო სამუშაოზე
თუ გავალ და იმით ვირჩენთ თავს. ეს ბინა რომ დავტოვოთ, რომ ქირა რით
ვიხადო? კორპუსის დაცლის მიზეზად ბავშვებს ასახელებენ, სადარბაზოებში
შემოდიან და სიგარეტს ეწევიანო. ესე ყველგან შედიან და ამიტომ ყველა
კორპუსი უნდა დაცალონ? ამდენი წელი არ დაინგრა და რაღა ეხლა
დაინგრევა? ხალხმა ბოლო კაპიკები გაიღო და გაჭირვებით გააკეთა
ყველაფერი, ეხლა კიდევ გვასახლებენ. ერთი თვის ვადა მოგვცეს.“
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ დახმარებისა და ალტერნატიული ფართის
გადაცემის თხოვნით გამგეობას მიმართეს, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ
მიიღეს.
„ამ ბინის ყველა მცხოვრები მივედით გამგეობაში და ვთხოვეთ ბინით
დაგვაკმაყოფილეთო. გვიპასუხეს, სადაც აქამდე ცხოვრობდით, ისევ იქ
წადით, ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ დაგეხმაროთო. ბევრს
ხომ არ ვითხოვ, ერთი ოთახი მაინც მომცენ სადმე, რომ თავი შევაფაროთ.
11 წლის ბავშვი სად წავიყვანო? თავიანთ შვილებს ქუჩაში გაიყვანენ?
არავინ შედის ჩვენს მდგომარეობაში. გვემუქრებიან, პოლიციის ძალით
გაგიყვანთო, საშუალება, რომ მქონდეს მე თვითონ გავიდოდი. სამარცხვინოდ
საქმეს არ გავიხდიდი. “
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილმა
ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბინა მართლა ავარიულია და ამის
შესაბამისი საბუთიც არსებობს.
„როცა აფეთქდა, მოსახლეობამ სანაცვლო ფართი მიიღო. ამჟამად ვინც იქ
ცხოვრობს, არაოფიციალურად არიან შესულები. კორპუსის დაცლის შესახებ
ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა. ბინა ავარიულია და
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც გვაქვს. შესაბამისად, იქ
ცხოვრება არ შეიძლება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ის
ფაქტიც, რომ შენობა ბავშვების თავშეყრის ადგილად იქცა. ამიტომ გვინდა
პრევენციული ზომები გავატაროთ, რომ სავალალო შედეგი არ მივიღოთ. ის
მხარე, რომელიც ძალიან საშიშია, მუნიციპალიტეტის ხარჯებით უნდა
შემოიღობოს. ამისთვის 2000 ლარია საჭირო.“
მისივე თქმით, კორპუსის დემონტაჟი ჯერჯერობით არ იგეგმება. ბინის
საძირკველის გამოკვლევისთვისაც დიდი თანხებია საჭირო. რაც შეეხება
შენობის გამაგრებას, დიმიტრი კალატოზიშვილის განმარტებით,
მუნიციპალიტეტს ამ პერიოდში არ შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები