გურჯაანში „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე 54 კვადრატული მეტრი ფართი
10-წლიანი იჯარით 2016 წელს გასხვისდა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ
ტერიტორიაზე ატრაქციონები, კაფე-ბარი და სხვა გასართობი საშუალებები
მოეწყობა.
ამჯერად სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა
როგორც ჩვენთან საუბარში მოიჯარე დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, იქმნება
გარკვეული პრობლემები, რომელიც მუშაობაში ხელს უშლით.
„აღვადგინეთ და გავაკეთეთ ბავშვებისთვის საქანელები, თუმცა ისევ
ამტვრევენ და ხშირად გვიწევს მათი შეკეთება. ქვა აქვს ნასროლი
ახალაშენებული კაფის მინასაც. ამ დღეეებში ინტერნეტსაც
გავუშვებთ. კაფე-ბარის შენობის მისასვლელთან კეთდება ლამაზი ბილიკები.
გარეთ განთავსდება მაგიდები, სკამები, ქოლგები, იქნება მუსიკა. ასევე
დაიდგმება ჩოგბურთის მაგიდები, ტირი, ბატუტი, დაცული იქნება
უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოები თითქმის ბოლოშია გასული.“
მისივე თქმით, მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ნარგავებსაც აზიანებენ ან
იპარავენ.
„დღემდე შესრულებულ სამუშაოებზე, დაახლოებით 50 ათასი ლარი დაიხარჯა.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაკეთებულს დროდადრო აფუჭებენ, სხვა
ხელისშემშლელი პირობები არ გვაქვს. დავრგეთ ყვავილები, დეკორატიული
ხეები, პალმები და სხვა. რამდენიმე ხე გადატეხეს, ისეთი სისქის იყო,
ამას ბავშვი ვერ დააზიანებდა. ყვავილები, რომლებიც ლაგოდეხის სანერგე
მეურნეობიდან გამოვიტანეთ, ბოთლებში იყო მოთავსებული, რომ არ
გაყინულიყო, მაგრამ მოიპარეს. აიწონა-დაიწონას, ცალ მხარეს ხელის
წასავლები რკინა მოამტვრიეს და ზედ დიდი ქვა დაადეს. დაამტვრიეს
ასევე, ბაღში მდგარი ურემი. ასე რომ, წვრილმანების ხელახლა კეთებაში
უფრო დიდი დრო გვეკარგება.“
როგორც დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, სამუშაოები გასულ შემოდგომას დაიწყო
და მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით,
კაფე-ბარი სავარაუდოდ აღდგომის შემდეგ გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები