"შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება"
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამსახურეებისთვის საჭირო კვების
პროდუქტების შესყიდვისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის
შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
-"გვსურს, განვმარტოთ, რომ შს სამინისტრო კვების პროდუქტებით
უზრუნველყოფას ახორციელებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული
კონტიგენტისთვის. მისი საერთო რაოდენობა, დღეში, დაახლოებით, 5 ათას
პირს შეადგენს.
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის,
ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის,
სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის,
ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო
საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან
ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60
გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით.
ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით,
300კგ შოკოლადის ნაწარმი."-ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტრო სხვადასხვა
დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის
შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან
საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642-ე ბრძანების საფუძველზე, საკვები
პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის
საშუალებით, რომელიც საჯარო და გამჭვირვალეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ჯარისკაცების,
მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ
შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც
მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
მასალის გამოყენების პირობები