დღეს გურჯაანში ნაადრევი ქორწინების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა
საინიციატივო ჯგუფის "მომავალი-ჩვენია", ასევე საბიბლიოთეკო და
სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრას გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორები, სკოლის
მოსწავლეები, ფსიქოლოგი და უფლებადამცველი ესწრებოდნენ.
-"ვფიქრობთ, 21-ე საუკუნეში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრა
ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბავშვებმა უფრო მეტი შეიტყვეს, თუ რა უარყოფითი
შედეგები მოჰყვება ნაადრევ ქორწინებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი
ღონისძიებები ხელს შეუწყობს ნაადრევი ქორწინების შემცირებას."-
აღნიშნა "მომავალი ჩვენიას" წარმომადგენელმა ლევან ჯაჯანაშვილმა.
როგორც გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა დავით ნაღებაშვილმა გვითხრა,
სკოლის მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე შეხვედრებს მათი უწყება ხშირად
მართავს.
-"დავდივართ სკოლებში, სადაც წარმოვადგენთ პრეზენტაციებს. ბავშვებს
ვესაუბრებით მავნებლობაზე, დანაშაულზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს
რაღაც ზემოქმედებას იქონიებს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, იმის
შემდეგ, რაც უფრო გააქტიურდა პრევენციული ღონისძიებები, დანაშაულმა
იკლო."
დავით ნაღებაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს გურჯაანის რაიონულმა
პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის
კავშირის ფაქტზე 26 საქმე აღძრა, საიდანაც 17 -ზე
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. რამდენიმე საქმე იმ მიზეზით
შეწყდა, რომ ორივე მხარე არასრულწლოვანი იყო და დანაშაულის სუბიექტებს
არ წამოადგენდნენ. ზოგიერთზე კი- გამოძიება ახლაც გრძელდება.
"გამოვლენის შემდეგ საქმეები წარმატებულად სრულდება. აქ დიდი მტკიცება
არ არის საჭირო, ინფორმაციას გვაწვდიან სამედიცინო დაწესებულებები.
მაგალითად, სამშობიარო, როდესაც არასრულწლოვანი ხდება დედა. აქ
მტკიცებულება უკვე მოპოვებულია და ზედმეტად არაფრის გაკეთება არ
გინდა. ყველაზე რთული რაც არის, არავის უნდა დანაშაულის გაცხადება,
არც მეზობელს, არც ოჯახის წევრებს. ძირითადად, ეს ხდება ვითომდა
ქორწინების შემდეგ, რაც არასწორია. ქორწინება ოფიციალურად 18 წლის
პირთა კაშირია."- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.
მასალის გამოყენების პირობები