გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ბიოლოგიურ
მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა,
რომელსაც ტურიზმით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მცირე გრანტების
პროგრამის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
„დღეს იყო შეხვედრა „ელკანას“ წარმომადგენლებთან. მათ აგვიხსნეს, თუ
როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ საგრანტო კონკურსში. მე, პირადად,
ვაწარმოებ აქსესუარებს, ორიგინალურ კაბებს, ქუდებს. აუცილებლად
ვაპირებ პროექტში მონაწილეობის მიღებას, რადგან უნდა განვავითარო
შემოქმედებითი სახელოსნო,“ - აღნიშნა არაშენდის მცხოვრებმა ლეილა
მამისაშვილმა.
„ელკანას“ კახეთის მობილიზატორის გიორგი ბერაიას თქმით, შარშან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 პროექტი დაფინანსდა.
მისი განმარტებით იდეების წარმოდგენა პენსიონერებს, სოციალურად
დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს,
მარტოხელა მშობლებს და შშმ პირებს შეუძლიათ.
„ელკანა, მსოფლიო ბანკისა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით,
ახორციელებს ტურიზმის განვითარების პროექტს. დღევანდელ დღეს გვქონდა
საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ავუხსენით, თუ
როგორ უნდა შემოიტანონ ჩვენთან განაცხადი. შემდეგ განიხილავს კომისია,
რომელიც დაკომპლექტდება ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელებითა და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით.გასულ წელს უკვე დავაფინანსეთ
ხელსაქმის და სუვენირების პროექტები, ე.ი. ყოველივე ის, რასაც
ყიდულობს ტურისტი. ჩვენ განვავითარებთ და ვეხმარებით მცირე ბიზნესს.
პროექტი 2015 წლის მაისიდან დაიწყო და 2018 წლის თებერვლამდე
გაგრძელდება.“
დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგი და პროექტის მოწონების
შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, 2000 დოლარით (ექვივალენტით
ლარში) დაფინანსდნენ.
მასალის გამოყენების პირობები