გურჯაანში ზოგიერთ ორგანიზაციას დასუფთავების მოსაკრებელი გაეზრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დასუფთავების მოსაკრებლის
შემოღებისა და გადახდის შესახებ ცვლილებები განიხილა. როგორც
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან
ხაზიურმა განმარტა, ზოგი ორგანიზაცია გადასახადს - დაბალი, ხოლო ზოგი
- მაღალი ტარიფით გადაიხდის, გარდა ამისა, მომხმარებელთან
ხელშეკრულებაც გაფორმდება.
დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, სწორედ, ამ საკითხს
მოჰყვა.
საკრებულოს წევრის ზაქარია იაგანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია თანხის
ამოღების მექანიზმის შეცვლა.
„გასაგებია, რომ ჩვენ მივიღებთ ფასებს მეწარმეებსა და სუბიექტებზე.
პრობლემა არის ამოღების მექანიზმში, რომელიც აუცილებლად უნდა
დაიხვეწოს. ისეთი ფორმა უნდა შემუშავდეს, რომ ერთ მხარესაც წაადგეს და
მეორესაც. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის არის ორ სუბიექტს შორის
დადებული ურთიერთშეთანხმება და არ უნდა ეხებოდეს მოსაკრებლის
ამოღებას. მოსაკრებლის ამოღება უნდა ხდებოდეს დადგენილი წესებით.“
ლევან ხაზიურის განმარტებით, ტარიფის განსაზღვრა, კომისიასთან
შეთანხმებით მოხდა.
„ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, სხვა სამსახურის პრეროგატივაა.
მოსაკრებლის რაოდენობის შესახებ კომისიამ იმსჯელა და მიიღო გონივრული
გადაწყვეტილება. იურიდიულ პირებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა გარკვეული
ცვლილება განიცადა. კომისიის მუშაობის პროცესში წარმოიშვა
უკმაყოფილება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც
აცხადებდნენ, რომ არსებული თანხა მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.
კონსულტაციების შემდეგ ზოგს მოემატა გადასახადი. კომისიამ მიიჩნია,
რომ ისინი სხვებთან შედარებით უფრო შემოსავლიანი ორგანიზაციები
არიან.“
მისივე თქმით, გადასახადი ძირითადად კაზინოებსა და ტოტალიზატორებს
გაეზარდა. კანონი მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები