დღეს საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
სიცოცხლისათვის“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს
ეტლები გადასცა.
შაშიანის მკვიდრის ნანა ბერიკელაშვილის მეუღლეს ფეხი 2016 წლის
ზაფხულში მოკვეთეს და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. როგორც
მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა მათთვის ეტლი დიდი შეღავათი იქნება.
„ მარჯვენა ფეხის მოკვეთის შემდეგ, ხელიც პარალიზებული აქვს. ვერ
მოძრაობს. გამგეობაში ეტლის მოთხოვნით განცხადება შემოვიტანეთ.
მოვიდნენ, შეგვამოწმეს და დღეს გადმოგვცეს ეტლი. მადლობას ვუხდი
ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ეს ჩემი
ავადმყოფისთვის დიდი შეღავათი იქნება.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი
სპეციალისტის ნონა ოსიაშვილის თქმით, ეტლების გაცემა 2015 წლიდან 2016
წლის ოქტომბრის ჩათვლით შემოსული განცხადებების საფუძველზე მოხდა.
„განვიხილეთ ყველა განცხადება. მივედით თითოეული ადამიანის ოჯახში და
შევავსეთ შეფასების ფურცლები. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციას
მივაწოდეთ. დღეს გაიცა 17 ეტლი, რომელიც ოჯახის წევრებმა წაიღეს. 2
ადამიანს სჭირდება აქტიური ეტლი, რითაც დამოუკიდებლად მოახერხებს
გადაადგილებას. ისინი გაზაფხულზე ჩამოვა. გასული წლის ნოემბრიდნ
დღემდე კიდევ შემოვიდა განცხადებები, რომელსაც განვიხილავთ. ყველას
ვთხოვთ, თუ საჭიროება მოითხოვს, მოვიდეს და შემოიტნოს განცხადება.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ. “
საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარის მაია კვეზერელი-კოპაძის განცხადებით,
მათი ორგანიზაცია პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
„ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ შშმ პირთათვის
ეტლების გადაცემა. ჩვენ დონორი ორგანიზაციის მეშვეობით 2010 წლიდან
ყოველწლიურად ვღებულობთ სტანდარტულ ეტლებს. გასულ წელს 590 ეტლი
გავეცით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ადამიანების შესახებ
მონაცემებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სოციალური სააგენტოები
გვაძლევენ. გურჯაანში 20-ზე მეტი ეტლი 2015 წელსაც ჩამოვიტანეთ. “
ეტლების გადაცემას, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის
მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები