სოფელ გურჯაანში გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს, სადაც
თიხის ჭურჭელთან ერთად სამკაულიც იყო.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა
აღნიშნა, სამარხი ერთ -ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში ნახეს.
„მაღაზიის ასაშენებლად საძირკველს თხრიდნენ და სამარხი მაშინ
გამოჩნდა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო წარმართული
ხანის ორმო სამარხი. საქმე უნდა გვქონდეს სამაროვანთან, ასე ვეძახით
უძველეს სასაფლაოს. მასში აღმოჩენილი ჭურჭელი კი მიანიშნებს, რომ ის
ბრიჯაოს ხანის პერიოდს ეკუთვნის, როცა ადამიანმა უკვე იცოდა სპეციალურ
ჩარხზე ჭურჭლის დამზადება. შესაძლოა, ზოგიერთი მიწასთან ერთად
გადაყარეს და დაიკარგა. “
თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, აღმოჩენილი ნივთები ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან ირკვევა, რომ სოფელში დაახლოებით სამიათასი
წლის წინ დასახლება ყოფილა.
„ იმ პერიოდში წარმართულ ხანაში, მიცვალებულს იმქვეყნიური
ცხოვრებისთვის ატანდნენ სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელს და
სამკაულებს. ჭურჭელთან ერთად აღმოჩნდა, ნახევრად ძვირფასი
ქვისგან-სარდიონისგან დამზადებული მძივი, რომელსაც პატარა სპილენძის
საკიდიც აქვს-სავარაუდოდ ეს არის ავგაროზი. ეს პატარა ნატეხები
შეიძლება ვიღაცისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ძალიან
მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. ამით ირკვევა, რომ ბრინჯაოს ხანაში
აქ ხალხს უცხოვრია.“
სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები არასოდეს ჩატარებულა, თუმცა
ასეთი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა. როგორც თამაზ მარკოზაშვილი
ამბობს, ახლადაღმოჩენილი ნივთები გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ
საცავს გადაეცემა, სადაც მათი გამოკვლევა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები