საქართველოს მასშტაბით, 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში,
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა.
მათ შორისაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე
პროფესიული კოლეჯი "აისი".
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი
დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC
პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე
და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი
წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების
რეალიზება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას
თქმით, ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ
ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ საკუთარი იდეების კონკრეტულ
პროდუქტებში დაკონვერტირება შეძლონ.
"როგორც იცით, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ
განათლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ დისბალანსის შევსება
მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში, რომელშიც ჩვენ დღეს შრომის ბაზარზე
გაგვაჩნია. ამ დისბალანსის შევსება მხოლოდ მსგავსი ფაბლაბების და
პროფესიულ განათლებაში სტრუქტურული ცვლილების შეტანის საშუალებით
იქნება შესაძლებელი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის
სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის
დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის
შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.
აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ
საქართველოში საერთო ჯამში 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს,
რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების
რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე
გადაინაცვლოს.
მასალის გამოყენების პირობები