სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარე კულტურის სახლი
დაიწვა. შენობაში რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.
ხანძარმა დააზიანა სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“.
-„ადგილობრივი თვითმმართველობიდან ჯერ ჩვენამდე არავინ
მოსულა. საკრებულოს წევრმა დამირეკა, რომელიც კულტურის სფეროს
კურირებს, მითხრა თანხები გათვალისწინებულიაო. ფართი იჯარით გვქონდა
აღებული. ჭერი და კედლები აღარ აქვს შენობას. ასე ადვილი არ არის
ცხელი წყლის და კანალიზაციის გარეშე მუშაობა, ეს ძალიან დიდი ზარალია
ჩვენთვის. თავშესაფარზე არ გვაქვს პრობლემა, ამბულატორიამ
შემოგვთავაზა თავისი ოთახი. მთავარია პირობები იყოს. ქალები ამ საქმით
ცხოვრობენ და არჩენენ ოჯახებს. ტექნიკის გატანა მოვასწარით, ახლა
მთავარია ჭერი გაკეთდეს რამენაირად, რომ შიგნით შევიდეთ.“-
აღნიშნა speqtri.ge-სთან სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის“ დირექტორმა
მაია ბიძინაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიაშვილს ინფორმაციით,
ზარალს კომისია ითვლის.
„შენობა გამგეობის ბალანსზეა და ჩვენი გასაკეთებელია. ჭერი
მთლიანად დამწვარია და კიდევ რამდენიმე ოთახია დაზიანებული. ახალი
სახურავი უნდა, რასაც დაახლოებით 200 000 ლარი დასჭირდება. გარკვეული
ფართობი უზურფრუქტით გვქონდა იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემული,
სადაც მომსახურების სააგენტო იყო განთავსებული. ამის გაკეთებას
პროექტი უნდა, რასაც ერთი კვირა მაინც დასჭირდება, თუ ამინდმა ხელი არ
შეგვიშალა, აღდგენა მალევე დაიწყება. 112-ში პირველად მე დავრეკე, 5
წუთში მივიდა სიღნაღის სახანძროს ორი მანქანა, შემდეგ სხვა
რაიონებიდანაც, მაგრამ ცეცხლი მასიურად მთელ ფართობს მოედო და ჩაქრობა
გაუჭირდათ.“
რამ გამოიწვია ხანძარი, ამას გამოძიება დაადგენს. ერთ-ერთი ვერსიით,
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა.
მასალის გამოყენების პირობები