15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ
გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50
ლარი ეღირება.
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის
ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება
50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
„ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია,
რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია
მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო
საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვინაიდან
საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ
კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების
გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის
გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში
უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული
პასპორტი აუცილებელია“− განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა
წულუკიანმა.
სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23
აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის
მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. აქციით სარგებლობისთვის
მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ
ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან
ფოტოსურათის საფასურისგან.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373
მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც
სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი
მონაცემის არსებობას ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები