საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება
2017 წლიდან, ხორცის ბაზარზე რეალიზაციისთვის ახალი მოთხოვნები
გაჩნდება : საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი,
სავალდებულო ხდება.
პროდუქციაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ვარგისიანობის
ვადა, შემცველობა და დამზადების ადგილი. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში, მწარმოებლებს ფინანსური ჯარიმები დაეკისრებათ. ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნები გავრცელდება როგორც ხორცპროდუქტების
წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, ისე საცალო
ვაჭრობაზე.
ეტიკეტირების სავალდებულო წესი ვრცელდება ორგანიზაციების და
საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, საწარმოებში არსებულ სასადილოეზე,
რესტორნებზე, საბითუმო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებზე.
ხორცის ეტიკეტზე სავალდებულო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება:
საცნობარო ნომერი რომელიც ენიჭება ცხოველს სასაკლაოზე შესვლისას
ბიზნესოპერატორის მიერ; იმ სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა
ცხოველი; თუ ხორცი სასაკლაოზე არ დაიჭრა, იმ ბიზნესოპერატორის
აღიარების ნომერი, რომელმაც ხორცი დაჭრა; თუ ხორცი მიღებულია
ცხოველისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში,
ეტიკეტზე უნდა მიეთითოს სასაკლაოზე ცხოველის მიმყვანის პირადი ნომერი;
თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი
განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეულის
შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ხორცის დაჭრა სასაკლაოზე არ ხდება, ტანხორცზე უნდა
განთავსდეს ერთი ეტიკეტი. ხოლო თუ იჭრება, ეტიკეტი უნდა განთავსდეს
ყველა ნაჭერზე ისე, რომ ადვილად არ მოსცილდეს.
ბიზნესოპერატორი საცალო ვაჭრობაში ვალდებულია, ყოველდღიურად, თარიღის
მითითებით აწარმოოს ცხოველის სასაკლაოსა და ხორცის დამჭრელი საწარმოს
აღიარების ნომრის რეგისტრაცია და მომხმარებელს მოთხოვნისთანავე
მიაწოდოს.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორს, რომელიც ხორცის
წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებს, ეტიკეტირების გარდა
ვალდებულია, დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემაც, რითაც
უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს
ან/და ცხოველებს შორის.
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების კონტროლს სურსათის
ეროვნული საააგენტო განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები