გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ოჯახს, სადაც ორი
პენსიონერი ცხოვრობს, სოციალური დახმარება მოუხსნეს.
62 წლის ნათელა სარაშვილი 83 წლის ავადმყოფ დედასთან ერთად,
დახმარებას 4 წლის განმავლობაში იღებდა.
როგორც ქალბატონი ნათელა გვიყვება, მოხუცი უკვე დიდი ხანია ლოგინად
არის ჩავარდნილი და მარტოს ვერ ტოვებს. ამის გამო ვერც მუშაობას
ახერხებს. ერთადერთი შემოსავალი, რაც გააჩნდათ, პენსია და სოციალური
დახმარება იყო, თუმცა, ეს თანხა წამლებისთვისაც არ ჰყოფნიდათ.
„დახმარება მარტში შეგვიწყვიტეს, მიზეზად ფართი დაასახელეს. ყველა
ოთახი გასამართია, ამ ორ ოთახში ვართ შეკედლებული და აქაც სათანადო
პირობები არ გვაქვს. იმის შემდეგ, რაც პირველად დაგვინიშნეს
დახმარება, არაფერი შეცვლილა. დედაჩემს შვილიშვილმა 7 წლის წინ აგურით
სცემა და მას შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია, ძალით ვაცოცხლებ. ყოველდღე
სასწრაფო დგას ჩემს სახლთან. მე თვითონ ფსიქიატრიული პაციენტი ვარ,
გარდა ამისა, მაქვს მაღალი წნევა, თრომბი და შაქარი. შარშან
გამოკვლევა ჩავიტარე და ექიმმა მითხრა, სიცოცხლისათვის საშიში
მდგომარეობა გაქვსო. დახმარებას 108 ლარს ვიღებდით და იმასაც წამლებში
ვხარჯავდით. მეც და დედამაც ყოველდღე წამლები რომ არ მივიღოთ,
დავიხოცებით. ასეთ ავადმყოფს დახმარებას რომ შეუწყვეტენ, ეს არის
მთავრობა?!“
მოხუცი გაყინულ ოთახში წევს, რადგან წლებია უკვე შეშას ვერ
ყიდულობენ.
„რამდენი ხანია „ფეჩი“ არ გვდგმია, იმიტომ, რომ მთელი პენსია წამლებში
მიდის. ხანდახან, ძალიან რომ შეგვცივა, გაზს ვანთებთ. მეუღლე 27 წელია
დამეღუპა. ჩვენი პატრონი არავინაა, ათასში ერთხელ მეზობლები შემოდიან
და ისინი თუ გვაქცევენ ყურადღებას.“
მისივე თქმით, სოციალურ განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ
უშედეგოდ.
„პირველად, ტირილით მივედი, მიპასუხეს, 75 ათასი ქულა გაქვთ და
დახმარება ამიტომ არ დაგენიშნებათო. ამის მერე არჩევნებამდე მაშინდელ
უფროსთან ზაზა თოდაშვილთან შევედი, მითხრა არაფერი გინდა, წადი და
არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაგენიშნებაო. მერე აგენტმა შეგვამოწმა,
დამპირდა, ფართს არ ჩაგიწერ ბევრს და დაბალი ქულები მოგივაო. 30-ში
შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ არჩევნებზე ხმის მისაცემად მაინც წავედი, ამ
მომაკვდავ ქალს კი ყუთი სახლში მოუტანეს. 31-ში სააგენტოს ისევ
მივაკითხე, როგორც მითხრეს, ფართი დიდია და დახმარება ვერ
დაგენიშნათო. მოგვატყუეს და გამოგვიყენეს. “
მაშინდელი, გურჯაანის სოციალური მომსახურების უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი და ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი ზაზა თოდაშვილი აღნიშნულ
ფაქტს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ დეკლარაციის არასწორად
შევსებას არც ერთი აგენტი არ დაპირდებოდა.
„წინასარჩევნოდ ვინმეს რომ რამეს დავპირებოდით, ასეთი რამ არ ყოფილა.
ამ ქალბატონის დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო, რომ სადღაც
დამლაგებლად მუშაობდა. ცვლილების შესატანად მოვთხოვეთ ცნობა, რომ აღარ
მუშაობს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფართის მოცულობას ვინმე
დაფარავდა, აბსურდია. რისკის ქვეშ საკუთარ თავს და თანამდებობას
არავინ დააყენებდა.“
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს,
აღნიშნული ოჯახი ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ გადამოწმდა.
„სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოსდით. მართალია,
მათი ქულა ზედა ზღვარს ოდნავ სცდება და არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ
ფულად საარსებო შემწეობას არ ითვალისწინებს. როგორც იცით, ქულების
დათვლისას გათვალისწინებულია ყველა მონაცემი, რასაც ოჯახი უთითებს,
ამიტომ ერთ კონკრეტულ მონაცემს ვერ გამოვყოფთ, თუ რის გამო მიენიჭათ
მაღალი ქულა. ოჯახს აქვს ძალიან დიდი საცხოვრებელი ფართი, ასევე
დამხმარე ნაგებობა. ორივე წევრი ასაკით პენსიონერია და სახელმწიფოსგან
იღებს ასაკობრივ პენსიას. ასევე აქვთ საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი
პაკეტი. ორივე მათგანს ჰყავს გარეთ მცხოვრები შვილები- ჯამში 4 პირი.
ეს ყველაფერი გვაძლევს სარეიტინგო ქულას.“
სარაშვილების ოჯახი პირველი არ არის, რომელიც დახმარების შეწყვეტის
ერთ-ერთ მიზეზად საცხოვრებელი ფართის მოცულობას ასახელებს.
speqtri-ge-მ ამ საკითხზე არაერთი მასალა მოამზადა. იურისტები და
ადამიანის უფლებადამცველები კანონში ცვლილების განხორციელების
აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ხშირად დიდი ფართი მოსახლეს
უფრო მეტ პრობლემას უქმნის, რადგან მისი გათბობაც კი შეუძლებელია.
ისინი ფიქრობენ, რომ მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც სარეიტინგო ქულა
განისაზღვრება, გადასახედია.
მასალის გამოყენების პირობები