საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაში წელს
მეთორმეტე კლასი 11-მა მოსწავლემ დაამთავრა და 9 უმაღლესში ჩაირიცხა.
მათგან ხუთი გოგოა და ოთხი ბიჭი.
ელვინ ქარიმოვი ერთ-ერთი მათგანია. მან სკოლა ექსტერნად დაამთავრა.
როგორც ელვინი გვიყვება, ამისათვის დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა
შედეგით ძალიან კმაყოფილია.
„მარტის დასაწყისიდან თითქმის ყოველდღე გამოცდა მქონდა. მართალია, ეს
ძალიან რთული იყო, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს განათლება მიიღოს, დღე
და ღამე უნდა იმეცადინოს და შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ამჟამად
მოსამზადებელ კურსზე ვარ და მომავალ წელს შემეძლება ფაკულტეტის
არჩევა. მინდა საერთაშორისო ურთიერთობებზე, პოლიტიკურ მეცნიერებაზე
ჩავაბარო.“
დუზაგრამის მოსწავლეების უმრავლესობა თავის მომავალ პროფესიად
ექიმობას ასახელებს. ამის შესახებ დირექტორი, კიას აბუზაროვიც
საუბრობს. „ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ძირთადად ექიმობა უნდათ. თუმცა,
ჩვენი სურვილია, რომ პედაგოგიური განათლებაც მიიღონ და მშობლიურ
სკოლას დაუბრუნდნენ. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მათთან და
მემგონი, ზოგიერთმა არჩევანიც შეცვალა. სკოლაში უკვე დაგვიბრუნდა
პედაგოგად ერთი კურსდამთავრებული, რაც ძალიან გვახარებს.“
როგორც ელვინი ამბობს, მშობლები მასაც სხვა ფაკულტეტზე ჩაბარებას
ურჩევდნენ, თუმცა, არჩევანი საკუთარი სურვილით გააკეთა.
„პროფესია თვითონ ავირჩიე. ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და
მინდა მისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთო. სწავლა სინათლეა, ვინც
არაფერი იცის, მომავალში ვერაფერს მიაღწევს. მინდა ჩემს მეგობრებს
ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ქართული ისწავლონ, რადგან ის ჩვენი
სახელმწიფო ენაა.“
დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორის კიას აბუზაროვის თქმით, მათი
სკოლის კურსდამთავრებულები სწავლის გასაგრძელებლად 2010 წლიდან ბაქოში
აღარ მიდიან და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები