გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ე.წ. „ვაჟკაცას უბანში“
მცხოვრებ მოსახლეობას გზის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს.
მათი თქმით, სანიაღვრე არხის გაკეთება არჩევნების წინ დაიწყეს და
როგორც კი ამ პროცესმა ჩაიარა, მაშინვე თავი დაანებეს.
„წვიმის დროს გზაზე წყალი გუბდება და პირდაპირ სახლში შემოდის,
დაგვილპა კედლები. ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. არჩევნების წინა დღეს
აკეთებდნენ, როგორც კი დასრულდა და ჩვენი ხმები მიიღეს, აღარც
მოსულან. სანახევროდ გააკეთეს. გვითხრეს, თანხა აღარ გვაქვს და
გაზაფხულზე განახლდებაო. გაზაფხულამდე რა უნდა ვქნათ? ჯერ მშრალი
ამინდია და ადრინდელი გუბე ისევ დგას, წვიმები რომ დაიწყება, უფრო
გაჭირდება სიარული. ამოთხარეს და ისე დაანებეს თავი. რაც კი აქამდე
გააკეთეს, გაზაფხულამდე ისევ მიწით ამოივსება, წყალი კვლავაც
დაგუბდება და სახლში შემოგვივარდება.“-გვითხრა ნატალია
ჩალათაშვილმა.
იმ ფაქტს, რომ სამუშაოების განახლება ნამდვილად გაზაფხულზე იგეგმება,
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ახაშენში გიორგი მელექსიშვილიც
გვიდასტურებს.
„სოფელში სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 25 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი. ამ თანხით სამგან გაკეთდა სანიაღვრეები: სამების გზაზე,
„შალატნიანთ უბანში“ და თქვენს მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე. მაგ
უბანში სამუშაოები ორ პროექტად გავყავით. ძირითადი პრობლემა, რაც
სასწრაფოდ მოსაგვარებელი იყო, ის გაკეთდა. არჩევნები აქ არაფერ
შუაშია. თანხა რასაც გასწვდა, ის სამუშაოები შესრულდა. დანარჩენი
გაზაფხულზე გაგრძელდება. თუ ტენდერი არ გამოცხადდა, თავისი ჯიბიდან
ხომ არ დადებენ ფულს? რაც შეეხება გუბეებს, ეგ მონაკვეთი გაზაფხულამდე
გაკეთდება, ჩვეულებრივ „ბალასტი“ დაიყრება და საძეკით გადასწორდება.
დანარჩენი ტერიტორია, ასე დარჩება, მანამ, სანამ სანიაღვრეების
გაკეთება არ დამთავრდება, რადგან ისევ აითხრება და აზრი არ აქვს.“
მისივე თქმით, ამ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, 2017 წლის
ბიუჯეტშია განსაზღვრული და გაზაფხულისთვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები