საქართველოში 130 282 ადამიანს საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი აქვს
დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს
პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, თბილისის
საკრებულოს, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და
საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის
შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა.
სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ
ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის
ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით
ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი
რეკომენდაციები შეიმუშავეს.
-"საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით
მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს; საქართველოს
პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში
დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად
დადგენილია 135 ლარი. ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა
საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია (2016 წლის
სექტემბრის მდგომარეობით სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ასაკის
მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157,3 ლარს შეადგენს), რაც ვერანაირად
ვერ ჩაითვლება სამართლიან და ადეკვატურ ანაზღაურებად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით
საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს,
საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო
მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადჰყოფს, რომ
საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ
მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ
ახერხებენ."- ნათქვამია
განცხადებაში.
სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტების
გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველმა
რეკომენაციებიც შეიმუშავა.
მასალის გამოყენების პირობები