გარევაჭრობა პოლიციის ჩარევით დავშალეთ, ხვალ უკვე დაჯარიმდებიან - დურმიშხან ამისულაშვილი
დღეს დილით შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა გარე მოვაჭრეებს დაკავებული ადგილები
იძულებით დაატოვებინეს.
ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა,
აღნიშნა, რომ დაშლის პროცესში ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი.
„გვეუბნებიან, შიგნით შედითო, მაგრამ სათანადო პირობები არ არის. აქ
მანქანით ვდგავართ და ისე ვვაჭრობთ, ბაზარში ტრანსპორტს ვერსად
გავაჩერებთ. რჩევას გვაძლევენ, რომ საქონელი ტომრებით შევიტანოთ.
ავადმყოფი ადამიანი ვარ, მე სად მაქვს იმის ძალა, რომ ყოველ დილა
საღამო ამხელა მანძილზე ტომრები ვზიდო?! ამიტომ, იძულებული ვარ, აქ
გავჩერდე. დღეს ერთ-ერთი მათგანი დააკავა პოლიციამ, ჩვენც იძულებული
გავხდით წავსულიყავით, ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ეს პრობლემა ერთხელ
და სამდამოდ ხომ უნდა მოგვარდეს. ჩვენს უკან ოჯახი დგას და რით
ვარჩინოთ?!“
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ზედამხედველობის სამსხურის უფროსმა დურმიშხან ამისულაშვილმა აღნიშნა,
გარევაჭრობა კანონით ისჯება.
„ამ ზაფხულს სიტუაცია დავარეგულირეთ, მაგრამ დაახლოებით თვენახევრის
წინ ისევ გამოვიდნენ და ქუჩაში დაიწყეს ვაჭრობა. ყოველ მეორე დღეს
მივდიოდით და ვაფრთხილებდით. იმ მომენტში აიღებდნენ საქონელს, რომ
წამოვიდოდით, ისევ გაშლიდნენ. საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიცია.
სანაპიროზე და ბაზრის თავში დაახლოებით ოცი მოვაჭრე მაინც იდგა, ამის
გამო გზა იკეტებოდა. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ,
მაგრამ მოგეხსენებათ, მიზეზი არ ელევათ. დღეს, იძულებული გავხდით,
გარევაჭრობა პოლიციის ჩარევით დაგვეშალა. ხვალაც თუ გამოვლენ, მაშინ
უკვე დააჯარიმებენ. სიტუაციას მანამდე გავაკონტროლებთ, სანამ
ყველაფერი კალაპოტში არ ჩადგება.“
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და
გარემოვაჭრეებს შორის დავა 18 ივლისს დაიწყო და ათი დღის განმავლობაში
გრძელდებოდა. მოგვიანებით, გამგეობის თხოვნით, მათ კერძო ბიზნესმენმა
საკუთარი ფართი დაუთმო, თუმცა, იმის გამო, რომ დღეისათვის აღნიშნულ
ტერიტორიაზე ახალი ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ადამიანები
სავაჭროდ კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები