საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1 ნოემბრიდან შეიარაღებულ ძალებში
იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას
სთავაზობს.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი
კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი
შემადგენლობა 35 წლამდე.
უწყების ცნობითვე, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში
მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი
პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების,
თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი
უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის
უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების
სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.
რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT
– Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი
საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2017 წლის 13 მარტიდან. სპეციალურ
პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით,
სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო
მომსახურებითა და განთავსებით.
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 1 ნოემბრიდან, 10:00 საათიდან
16:00 საათამდე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ
,"კრწანისში“ (მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი) და ქ.
ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი,
ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი).
მასალის გამოყენების პირობები