გურჯაანის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჯერ კიდევ არ
დაწყებულა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაღში
დაზიანებულია წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემები,
გაუმართავია საწვეთური, რის გამოც რამდენიმე ადგილას კედელზე წყალი
ჩამოდის.
თუმცა ამ ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უარყოფენ და
ამბობენ, რომ პრობლემები ამ დროისთვის არ არსებობს.
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის
სამსახურის უფროსი სპეციალისტის გიორგი ამისულაშვილის თქმით, ძირითადი
პროცესი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები სააღმზრდელო
პროცესის დაწყებას ხელს არ უშლის.
„ ისეთი არაფერი პრობლემა არ არის, რომ ბავშვების მიღებას ხელი
შეუშალოს. პატარ-პატარა რაღაცეებს ვასწორებთ. კაფელებს შორის შოვებია
დასამუშავებელი, კედელზე გაკეთებულია საცრემლეები, რომელმაც დიდ
წვიმას ვერ გაუძლო. ამისთვის უკვე გამზადებულია თუნუქი და შეიცვლება.
სხვა ისეთი არაფერია.“-აღნიშნა მან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის განმარტებით, ბაღი
ფაქტობრივად დამთავრებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება.
„ხდება ის, რაც ჩვეულებრივ სამშენებლო პროცესს ახლავს თან. მშენებლები
დროში ვერ ეტევიან ან ისე ვერ აკეთებენ საქმეს, როგორც საჭიროა. ჩვენ
ჩვენი შეხედულებები და მოთხოვნები გვაქვს. არის ხარვეზები, რისი
გამოსწორებაც მიმდინარეობს. წესით 23 სექტემბრამდე ჰქონდათ ვადა და
ვერ ჩაეტივნენ, ამიტომ იხდიან ჯარიმებს. ძალიან ვწუხვარ, აქამდე რომ
გაგრძელდა ეს პროცესი. ხარვეზები გამოსწორდება ორ დღეში და გაიხსნება-
მესამე დღეს, თუ გამოსწორდება ამ კვირაში გაიხსნება -ორშაბათს. დიდი
ბოდიში მინდა მოვუხადო მშობლებს, რომ არაკომფორტული სიტუაცია
შეექმნათ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო
ხდება“.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ლელა
თევდორაშვილის თქმით, ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
„ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში მიმდინარეობს
კაპიტალური რემონტი. დღეის მდგომარეობით არ არის დამთავრებული
სამუშაოები. აქედან გამომდინარე ბაღი ვერც ამ კვირაში გაიხსნება.
კონკრეტულად როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ამას ვერ
დავაზუსტებ.“
ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „არტიფექსი“
ასრულებდა. ხელშეკრულება 310 ათას ლარზე იყო გაფორმებული და
სამუშაოები 23 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული კომპანია
ვადაში ვერ ჩაეტია და შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საჯარიმო სანქცია დაეკისრა. მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
შეუსრულებელი ვალდებულების ერთი პროცენტი ერიცხება.
გამგეობის კომისიამ კომპანიის მუშაობაში ხარვეზები ჯერ კიდევ გასულ
კვირას აღმოაჩინა, რის გამოც, ეზოში ახლადდაგებული ფილები აყარეს და
ხელახლა დააგეს.
მასალის გამოყენების პირობები