გურჯაანის სპორტკომპლექსში განთავსებულ აუზს, რომელიც 2012 წელს
გაიხსნა და მხოლოდ ერთი დღე იფუნქციონირა, რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არკადი
სონღულაშვილმა განაცხადა, აუზი თანამედროვე ოლიმპიური
სტანდარტებისაა.
„რამდენიმე თვის უკან მომზადდა დოკუმენტაცია, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა,
გავიდა ტენდერზე და გაიმარჯვა შპს „ლუქსფულმა“. იმის გამო, რომ აუზი
დიდი ხანი არ მუშაობდა, შესაკეთებელი იყო საორთქლე ქვაბი, ფილტრები,
კაფელი და ა.შ. მთლიანად შეიცვალა წყლის ქსელი. როგორც სამუშაოთა
მწარმოებელი გვეუბნება, რეაბილიტაცია 2-3 რიცხვისთვის დასრულდება,
შემდეგ დავასუფთავებთ და ალბათ, 5 რიცხვისთვის წყალს გავუშვებთ. ეს
იქნება საცდელი გაშვება. წყალი აუზში 10 დღის განმავლობაში მაინც
იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ არანაირი პრობლემა აღარ არსებობს.“
არკადი სონღულაშვილის თქმით, გარემონტდა და მოწესრიგდა საშხაპეები და
გასახდელი ოთახები. მისივე განმარტებით აქ დასაქმდებიან პროფესიონალი
ექიმები, დიეტოლოგები, მწვრთნელები.
„რაც შეეხება ფუნქციონირებას, აუზი ძვირი შესანახია. გვექნება წყლის,
ბუნებრივი აირის, დენის გადასახადი. ასევე გასათვალისწინებელია,
მოსამსახურე პერსონალის ხელფასი. ყველაფერი ეს, ერთად აღებული,
საკმაოდ ძვირია. რამდენს გამონახავს ამისთვის ჩვენი ადგილობრივი
ხელისუფლება, ჯერ არ ვიცი. ვფიქრობთ, აბონემენტის ღირებულება სადღაც
30-35 ლარის ფარგლებში იქნება. თბილისიდან იყვნენ ჩამოსული
ბიზნესმენები. დაათვალიერეს აუზი, იჯარით უნდათ აღება, მაგრამ ეს
ყველაფერი ჯერ საუბრის დონეზეა.“
საცურაო აუზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი
ლარი გამოიყო. ამ დროისთვის შენობაში ფუნქციონირებს კალათბურთის,
კიკბოქსინგის, კარატეს და ფეხბურთის სექცია.
მასალის გამოყენების პირობები