სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო
წლის დაწყებამდე სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები
შეამოწმა.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გადაამოწმეს, რამდენად დაცულია
სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის
სტანდარტები და ბიზნესოპერატორებმა როგორ შეასრულეს მიცემული
რეკომენდაციები.
„სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში სურსათის უვნებლობის
სტანდარტების და ჰიგიენური ნორმების დაცვა მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა,რაც სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური
კონტროლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად შემცირდა დარღვევების რაოდენობა .
ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით
მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. 2015-2016 წლებში შემოწმებებისას
კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლო დაწესებულებების
კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი
პრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით
გაგრძელდება" - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის
მოადგილემ კახა სოხაძემ.
საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების
ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით
მიმდინარეობს. მოწმდება სურსათის უვნებლობა, ჰიგიენური მდგომარეობა,
პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების
კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 -
საბავშვო ბაღში და 507 - სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად
დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც
შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს
2013 წლიდან ამოწმებს. 2014 წელს 4 სკოლის სასადილოს, კრიტიკული
შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.2015-2016 წლებში
განხორციელებული შემოწმების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები არ
გამოვლენილა.
მასალის გამოყენების პირობები