გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა
ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.
მან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში
განხორციელებული ცვლილებები საზოგადოებას გააცნო
ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის
ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10
ნოემბრისა.
მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებს ნადირობის წესებიც შეახსენა:
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და
მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების
ადმინისტრაციულ საზღვრებში.
პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადამფრენ ფრინველებზე
ნადირობა დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრესა და ნადირობის
განმახორციელებელ პირს (ამ შემთხვევაში პირი, რომელსაც გააჩნია
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი
ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო
თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) შორის
შეთანხმების შემთხვევაში, მესაკუთრის აუცილებელი თანხმობის
პირობით.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა
იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული
მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ
გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები