"არასდროს ვიხსენიებ რომ ლექსო იყო, ლექსო არის და იქნება" - აგვისტოს ომის გმირი ვაჩნაძიანიდან
აგვისტოს ომი ბევრი გმირის ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი მათგანი
ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილია, რომელიც პირველივე დღიდან სიცოცხლის
ბოლო წუთამდე სამშობლოს სადარაჯოზე იდგა.
საოცრად ნიჭიერი და ზრდილობიანი იყო. მშვიდი და გაწონასწორებული.
ბავშვობიდან სხვებზე ზრუნავდა. ჯერ კიდევ მეათე კლასში ექიმობაზე
ოცნებობდა, რათა გაჭირვებულ ადამიანებს უანგაროდ დახმარებოდა. სკოლის
დამთავრების პირველ წელს სამედიცინოზე ვერ ჩაირიცხა, ამიტომ იმავე
ზაფხულს თელავის უნივრსიტეტში ისტორია-სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა
გამოცდები. სერჟანტის წოდება ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა.
2001 წელს სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, რომლის დამთავრების
შემდეგ ოფიცერი გახდა და თელავის კომანდოს ბატალიონში ოცმეთაურად
დაიწყო სამსახური.
ალექსანდრე ნატროშვილი 1978 წლის 10 ნოემბერს რუსთავში დაიბადა.
მეექვსე კლასამდე XXI საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ოჯახი
საცხოვრებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში გადავიდა
და სკოლაც იქ დაამთავრა.
სამშობლოს სიყვარული ოჯახის წევრებმა ასწავლეს. განსაკუთრებით უყვარდა
საქართველოს ისტორია და მხატვრულ ლიტერატურასაც ბევრს კითხულობდა.
„საოცარი შეგრძნება იყო ლექსოს დაბადება, განსაკუთრებული ბავშვი იყო.
მამაჩემი და ჩემი მამამთილი სამამულო ომის მონაწილეები იყვნენ.
დაჯდებოდა მათთან, თვალებში შესციცინებდა და საქართველოს შესახებ
საათობით საუბრობდნენ. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ
ბატალიონში ოფიცრად მსახურობდა, ომშიც იქიდან წავიდა. სამხედრო საქმე
ძალიან კარგად იცოდა და უყვარდა კიდეც. ოთხი ასეული გაამზადა
ერაყისთვის, თვითონ კი სექტემბერში აპირებდა წასვლას. ლექსოს ასეული
2004 წელს სამშვიდობო მისიით იყო ნიქოზში, სადაც ექვსი ჯარისკაცი
მოუკლეს. ამბობდა, ის ბიჭები შვილებივით გავზარდე და მათ სისხლს
არავის ვაპატიებო. ყველაფერს მისი მეგობრებისგან ვიგებდი, თვითონ
არაფერს მიყვებოდა, მიფრთხილდებოდა. როგორც მითხრეს, ბრძოლაში ომის
დაწყების პირველივე დღიდან ჩაება, მისმა ბატალიონმა 11 სოფელი აიღო,“-
გვიყვება ალექსანდრე ნატროშვილის დედა ნათელა ლამაზოშვილი.
ლექსო დაოჯახებული არ ყოფილა, თუმცა, მის ცხოვრებაში არსებობდა
ადამიანი, რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა.
„30 წლის უნდა გამხდარიყო. სულ ვედავებოდი, ოჯახი შექმენი, დანიშვნა
გიგვიანდება-მეთქი. მე არ ვიცოდი, შემდეგ გავიგე, მეგობრისთვის
უთქვამს, რუსთაველი გოგო მომწონს და ერაყიდან ჩამოსვლის შემდეგ
დავქორწინდებიო. “
ოჯახს გარდაცვლილი შვილის ცხედარი არ უნახავს, ამიტომ მისი სიკვდილი
დღემდე არ სჯერა. კარის ყოველი გაჭრიალება მშობლებს გულს უფორიაქებს,
ელოდებიან, რომ ეზოში ლექსო შემოვა.
„8 -ში დილით უცებ გამეღვიძა, წამოვჯექი, თითქოს გულთან რაღაც
ჩამწყდა. სწორედ ამ დროს მომხდარა ის უბედურება. თურმე დაზვერვაზე
უნდა წასულიყვნენ, ორი ბიჭი შეარჩია, დანარჩენები მოათვალიერა და
გადაწყვიტა, მესამე თვითონ წასულიყო. უკან დაბრუნებულს მეთაურისთვის
უთქვამს: ცუდი სიტუაციაა, ხაფანგია და ყველას ჩაგვხოცავენო. ზუსტად
არავინ არაფერი იცის, რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ის ვიცი,
რომ ჩემი ლექსო უშიშრად მიიწევდა წინ და სამშობლოსთვის იბრძოდა. კიდეც
ეთქვა ბიჭებისთვის: არ შეგეშინდეთ, ეს ჩვენი მიწა-წყალია, სიმართლე
ჩვენსკენაა, ერთი წუთით უკან არ დაიხიოთო. 2009 წლის მარტში
მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დეენემის ანალიზი დაემთხვა.“
ლექსოს საფლავი, წმინდა გიორგის სახელობის გომართის ეკლესიის
გვერდითაა. გიორგი ნატროშვილი, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც შვილის
საფლავის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. „ეკალ-ბარდი გავკაფე და
მისასვლელი გზაც გავაკეთე. ეკლესიის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი,
გამგეობის წარმომადგენლებს ვთხოვეთ და ისინი დაგვეხმარნენ აღდგენაში.
საფლავს მარტო სახელი ლექსო აწერია. იმედი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია,
დღესაც არ დამიკარგავს.“
ნატროშვილების ოჯახი სოფელ ვაჩნაძიანში, ლექსოს სახელობის ქუჩაზე 33
ნომერში ცხოვრობს. გასულ წელს კი პირველად ჩატარდა და ტრადიციად
დამკვიდრდა ალექსანდრე ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი
ფეხბურთში.
„როდესაც ოფიცილურად დაღუპულად გამოაცხადეს, მოვიდნენ და გვითხრეს,
რომ ამ ქუჩისთვის ჩემი შვილის სახელი უნდა დაერქმიათ. ასევე მიანიჭეს
ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და საქართველოს
თავდადებულის, ლომგულის ორდენი. ეს ბიჭები ყურადღების გარეშე არ
რჩებათ, არ ავიწყდებათ მათი ღვაწლი და თავდადება.
შარშან მინიფეხბურთში ლექსოს სახელობის ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენი
სოფლის ბიჭებმა გაიმარჯვეს და თასი მე მომიტანეს. წელს მეოთხე
ბრიგადის ბიჭებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს პატარა რამე არ არის, მე
არც ვთვლი, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილია, არასდროს ვიხსენიებ რომ
ლექსო იყო, ლექსო არის, და იქნება!“- ამბობს ნათელა ლამაზოშვილი.
აგვისტოს ხუთმა დღემ ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ქალი
დაქვრივდა, ბავშვები დაობლდნენ და ბევრი დედა დარჩა გამწარებული.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კონფლიქტის დროს
სულ დაიღუპა 850 ადამიანი, 100 000-ზე მეტი იძულებული გახდა
დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.
მასალის გამოყენების პირობები