20 წლის ნიკა ამისულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბაკურციხეში მდებარე ავტოსამრეცხაოში 31 ივლისს
გარდაცვლილი
იპოვეს. მან და მისმა მეგობარმა ფართი იქირავეს და მუშაობა სწორედ
ამ დღეს დაიწყეს.
ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად დენის დარტყმა
სახელდება, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს.
სამრეცხაო ბაკურციხეში მცხოვრებ გელა სამადაშვილს ეკუთვნის. ორი წელი
მისი შვილი ამუშავებდა, შემდეგ კი გააქირავეს.
„ჩვენი „მოიკა“ ორმა ახალგაზრდამ იქირავა. მაგ დღეს პირველად
გამოვიდნენ და ეს უბედურებაც დატრიალდა. შემთხვევის დროს სამრეცხაოში
მარტო იყო. ერთი მანქანა გაურეცხავს და მეორეს რომ რეცხავდა, ეს
ამბავიც, ალბათ, მაშინ მოხდა. გამვლელებმა შემთხვევით დაინახეს და
ჩემს შვილს გააგებინეს. მაშინვე მივიდა და გამოიყვანა, მაგრამ
ვეღარაფერი უშველა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
„კერხელი“ წაიღეს, გაქლერტილი არსად არ იყოო, ჩვენც ეგ გვაგიჟებს
საიდან გადაიტანა დენი. ძალიან შეწუხებულები ვართ, ნეტავ წყალს წაეღო
ეგ სამრეცხაო და ბიჭი ცოცხალი ყოფილიყო. ეს ჩვენი ოჯახისთვისაც დიდი
ტრაგედიაა.“
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,
უსაფრთხოების ნორმები მსგავსი ტიპის დაწესებულებებში დაცული არ
არის.
„საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ასეთ
ობიექტებს გააკონტროლებს. სხვა ქვეყნებში ამას შრომის ინსპექცია
კურირებს. ჩვენთან ეს ორგანო იმ ფორმით რა ფორმითაც უნდა იყოს, არ
არსებობს. ასე რომ, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
“
2015 წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში შეიქმნა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი,
რომელიც მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებს, მაგრამ
სადამსჯელო მექანიზმები არ გააჩნია. როგორც speqtri.ge-ს შრომის
პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი
არაბიძემ განუცხადა, ავტოსამრეცხაოებზე უსაფრთხოების ნორმები ამ
დრომდე არ შეუმოწმებიათ.
„თუ უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე მოხდა, შემოწმება
განეკუთვნება შრომის ინსპექციის კომპეტენციას. ჩვენ, პრევენციის
მიზნით, ვამოწმებთ სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, ვაწვდით კონკრეტულ
ინფორმაციას დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, რა ღონისძიებები უნდა
იქნას გატარებული, რომ დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება. უშუალოდ
ავტოსამრეცხაოების შემოწმების პრაქტიკა არ გვქონია. თუმცა, თუ რიმე
საჩივარი, განცხადება, ან ანონიმური შეტყობინება შემოვა, ინსპექციას
აქვს უფლება გავიდეს და ადგილზე შეისწავლოს საკითხი. დარღვევის
შემთხვევაში დაჯარიმების უფლება არ გვაქვს, ჩვენი დეპარტამენტი
გარდამავალ ეტაპზეა და ემსახურება მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას,
პრევენციასა და ინფორმაციის მიწოდებას.“
ირაკლი არაბიძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციის, როგორც სრულყოფილი
მექანიზმის ამუშავება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. მისივე თქმით, დოკუმენტი
ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მზად აქვს, რომელიც პარლამენტს
გადაეგზავნება და საკითხს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს. ამის
შემდეგ ცვლილება შევა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შესახებ კანონში. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს კი
სხვადასხვა ორგანიზაციების გაფრთხილებისა და სანქციის დაკისრების
უფლება მიეცემა.
მასალის გამოყენების პირობები