სტიქიით დაზარალებული კარდენახელები ხელისუფლებისგან დახმარებას
ითხოვენ. სეტყვამ და ქარიშხალმა მათ ნათესები და სათავსოები დაუზიანა.
არჩილ ადუაშვილს კარდენახში საზამთროს და ნესვის ბაღი ათ ჰექტარზე
ჰქონდა დათესილი. 23 ივლისს მოსულმა სეტყვამ კი ერთწლიანი ნარგავები
მთლიანად გაუნადგურა.
„9 ჰექტარზე საზამთრო იყო და ნახევარ ჰექტარზე - ნესვი. ბაღის
დაწვიმება დავამთავრე, მიწის გაშრობას ველოდებოდი, რომ მანქანა
შემეტანა და დამეკრიფა. სწორედ ამ დროს მოვიდა სეტყვა. კომისიამ
ზარალი 100%-ით შემიფასა. ამის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ დამირეკა
გამგებელმა და მკითხა ბანკიდან რა თანხა მქონდა გამოტანილი. წელს
თიბისი ბანკში 32 ათასი მაქვს შესატანი და ჩემი თხოვნაა, მომავლ
წლამდე გადამივადონ. თუ სხვა სახის დახმარებასაც გამიწევენ, მადლობელი
ვიქნები. “-გვითხრა არჩილ ადუაშვილმა.
გიორგი ჩახვაშვილს სტიქიამ ახლადაშენებული ფერმა გაუნადგურა.
„შარშანდელი აშენებული ფერმა იყო და სტიქიამ, რომელიც საათნახევრის
განმავლობაში გრძელდებოდა, მიწასთან გაასწორა. იქ მწყემსები იყვნენ და
10 თვის ბავშვი ჰყავდათ, ბეწვზე გადარჩნენ სიკვდილს. ჭერი შუაზეა
გახსნილი. კომისიამ ადგილზე ნახა სიტუაცია. როდესაც დავურეკე,
მითხრეს, ვერ დაგეხმარებითო. 30 ათასი დოლარი კრედიტი მაქვს ბანკიდან
გამოტანილი და არ ვიცი როგორ უნდა დავფარო.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით, ადგილობრივი
ხელისუფლება ფერმერების დასახმარებლად ყველანაირ ზომებს
მიმართავს.
„სპეციალურმა კომისიამ ზარალი დაითვალა. ჩვენ უკვე მივმართეთ
გუბერნიას, რომ იმ პირებს, ვისაც ნათესები დაესეტყვა, კრედიტების
რესტრუქტურიზაციის საკითხზე ბანკებთან უშუამდგომლოს. ყველანაირად
შევეცდებით მათ დახმარებას,“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება გიორგი ჩახვაშვილს, რომელსაც ფერმა დაენგრა, ზვიად
ბიაშვილის თქმით, ვერაფერში დაეხმარებიან, რადგან სათავსოს შეკეთება,
ან ახლიდან აშენება მათ კომპეტენციაში არ შედის.
მასალის გამოყენების პირობები