საიამ პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე სტრასბურგში საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 29 ივლისს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რ. პ-ს სახელით საჩივარი
წარადგინა.
"2014 წლის 23 აგვისტოს რ. პ. შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა დააკავეს ქურდობის ბრალდებით. დაკავების დროს
პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რასაც
თვითმხილველი მოწმეებიც ადასტურებან და რის შედეგადაც რ. პ-მ სხეულის
დაზიანებები მიიღო. მომჩივნის დაზიანებები დადასტურდა სამედიცინო
დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულ ფაქტზე 2014 წლის 5
სექტემბერს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამსახურეობრივი
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების დაწყებიდან დღემდე
მომჩივანმა არაერთი განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს,
თუმცა, დღემდე მისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები
ჩატარდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამასთან, არაერთი მოთხოვნის
მიუხედავად, რ. პ-ს დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის
სტატუსი."- განმარტავენ საია-ში.
სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ პოლიციელების
მხრიდან გამოყენებული ძალა იყო გადამეტებული და არაპროპორციული, მით
უმეტეს იმ პირობებში, როცა მომჩივნის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას
ადგილი არ ჰქონდა. არასამთავრობოორგანიზაციის თქმითვე, ხელისუფლებამ
არ უზრუნველყო პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების
ეფექტური გამოძიება.
"ამავდროულად, რ.პ. ბრალდებული იყო ქურდობის ჩადენაში, რის
გამოც მოხდა მისი დაკავება. ამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებისას
სააპელაციო სასამართლომ და შემდგომ, უზენაესმა სასამართლომ შეუზღუდეს
მას უფლება, დაეკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც მის უდანაშაულობას
დაადასტურებდა. ორივე სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა რ.პ-ს უარი
მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოილების შესახებ, რის
გამოც მას შეუზღუდეს დაცვის მხარის უფლებები და ის ბრალდების
მხარესთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდეს, რაც
შეუთავსებელია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან."-
ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები