გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გარემოვაჭრეებს შორის
18 ივლისს დაწყებული დავა დღესაც გაგრძელდა.
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, მოვაჭრეებს
ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და სურსათის გაშლის საშუალება არ
მისცეს. თუმცა რამდენიმე საათიანი დავის შემდეგ, ვაჭრობის ვადა
ორშაბათამდე გაუგრძელეს.
„დღესაც მოვედი, „ზონტიკი“ გავშალე, მაგრამ ამ ადგილას არ გაჩერდეთო
გვითხრეს. დილის ხუთი საათიდან აქ არიან. ამ ზამთარსაც შეგვიყვანეს
ბაზარში, კაკალაშვილების აფთიაქის წინ ვიდექი, მაგრამ ვერაფერს
ვყიდიდი. დღეში სამნახევარი ლარი იყო გადასახდელი. მეორე ჯგუფის
ინვალიდი ვარ, ვალები დამიგროვდა და იძულებული გავხდი, ისევ გარეთ
გამოვსულიყავი. ეხლა გვეუბნებიან ტუალეტებთან დადექითო, ყარს იქაურობა
ვინ გაჩერდება მთელი დღე?! ან იქ ვინ მოვა საყიდლად?! კარგი ადგილები
უკვე დაკავებულია. პირადობის მოწმობები ჩამოგვართვეს, გაფრთხილებები
უნდა დაგიწეროთო. წინააღმდეგობა რომ გავუწიეთ, ვაჭრობის ნება
ორშაბათამდე დაგვრთეს, მაგრამ გაგვაფრთხილეს, თუ გარევაჭრობას
გააგრძელებთ, ჯარიმებს დაგიწერთო.“-გვითხრა მანანა ბერძენიშვილმა.
ქალაქ გურჯაანში გამგებლის წარმომადგენელმა დიმიტრი არევაძემ
მოვაჭრეებს „გლეხურ ბაზარში“ ალტერნატიული ფართი შესთავაზა და
ტერიტორიაც დაათვალიერებინა, თუმცა, ისინი უკმაყოფილებას მაინც
გამოთქვამდნენ.
ბაზარში შესვლას თინა. მ.-ც აპროტესტებს.
„სად უნდა შევიდე?! რაც საქონელი მაქვს აღებული იქ ვერ გავყიდი,
გამიფუჭდება. ბანკის ვალები მაქვს და რით უნდა გადავიხადო, არ ვიცი.
შვილი მყავს ავადმყოფი და რასაც ვიღებ, იმის წამალზე არ მყოფნის.
საქონელი რომ გაფუჭდეს, ვალს ვინ გადამიხდის, ესენი დამეხმარებიან?
თან სად უნდა დატიონ ამდენი ხალხი, არ ვიცი.“
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნციპალიტეტის გამგებელმა გია
გერგიძემ აღნიშნა, გარევაჭრობა კანონით აკრძალულია.
„ეს ადამიანები ერთ -ერთი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ,
მაგრამ იქ ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმის
მაგივრად, რომ ბაზარში შესულიყვნენ, ისევ ქუჩაში დადგნენ, რაც კანონით
ისჯება. დღეს გამოვედით და გავაფრთხილეთ. ამჯერად, გავითვალისწინეთ
მათი მდგომარეობა და კიდევ დავუშვით პრეცენდენტი. ორშაბათამდე აქ
გაჩერდებიან. მომავალი კვირიდან უკვე იურიდიულად გვექნება უფლება,
ჯარიმები დავუწეროთ.როდესაც ისინი ქუჩაში არ იდგნენ, იყო სისუფთავე და
წესრიგი.ბაზარში იმიტომ არ შედიან, რომ იქ ოფიციალური გადასახადია. “-
გვითხრა მან.
რაც შეეხება პირადობებს, გია გერგიძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი
მოვაჭრეებს იმ მიზნით ჩამოართვეს, რომ გაფრთხილება ოფიციალურად
გაფორმდეს.
მასალის გამოყენების პირობები