მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება- როგორ აფასებენ სიახლეს ექსპერტები
ანი ზირაქაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად, გურჯაანში, ერთ-ერთ
ავტოსკოლაში მეცადინეობს. ის გამოცდაზე გასვლას მანამდე აპირებს,
სანამ პრატიკული ნაწილი გართულდება. როგორც ცნობილია, მსურველებს,
2017 წლიდან პრაქტიკის ჩაბარება არა შსს-ს მომსახურების სააგენტოში,
არამედ დედაქალაქში მოუწევთ.
„ჩემი აზრით, ამ ცვლილების შემდეგ, "პრავის" აღება
გართულდება. თუმცა, მეორე მხრივ, სასარგებლოცაა ეს პრინციპი, რადგან
მათ სამომავლოდ ქუჩაში მოუწევთ მოძრაობა.“
ანის მსგავსად მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას გეგმავს ბესო
ხარაიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ პრაქტიკული
ნაწილის ჩაბარება ქალაქში უფრო მეტად გაუჭირდებათ.
„ვფიქრობ, მძღოლებს გზაზე უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ,
განსაკუთრებით იმათ, ვისაც პრავა ახალი აღებული აქვს. ეს სიახლე
კარგია, მაგრამ ალბათ ბევრი ვეღარ შეძლებს პრაქტიკა ჩააბაროს.
თბილისში მეტად გაუჭირდებათ, რადგან იქ უფრო რთულია მოძრაობა.
გამოცდას ალბათ თელავში, მანამდე ჩავაბარებ, სანამ ამ წესს
შემოიღებენ“.
მართვის მოწმობის აღების მსურველებისგან განსხვავებით, ევროკავშირის
პროექტის ექსპერტი საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის საკითხებში
გელა კვაშილავა განსახორციელებელ ცვლილებას დადებითად აფასებს.
„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების
დაახლოებით 40% ახალბედა მძღოლებზე მოდის. ავარიის შედეგად
გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკული
ხასიათის გამოცდების შემოღება მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, დიდი
ნაწილი თეორიულს გამოცდას კარგად აბარებს, პრაქტიკა კი უძნელდებათ.
პრაქტიკული ხასიათის გამოცდა ყველა ქვეყანაში ქალაქში ტარდება. ეს
სტანდარტია არა მარტო განვითარებულ, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც.
ცვლილება რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, რათა მივიღოთ ისეთი
ახალბედა მძღოლები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ, თუ რას ნიშნავს
ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში ჩართვა.“
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი
გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარების მომხრეა, თუმცა შენიშვნები მაინც
აქვს. მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის
ძირეული ცვლილებებია საჭირო.
„ის, რომ პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდეს, ამას მხარს
ვუჭერთ და მოგვწონს. მაგრამ ამის ცალკე საკითხად განხილვა არ
შეიძლება. საკითხი საგზაო უსაფრთხოების პროგრამაშია შეტანილი და
პარლამენტში უკვე რვა თვეა გაჭედილია, საკანონმდებლო ორგანო ამ
კანონის მიღებას არჩევნებამდე არ აპირებს. ჩათვალეს, რომ ეს
ცვლილებები წინასაარჩევნოდ არაპოპულარული იქნებოდა, ამას ღიად ამბობენ
პოლიტიკოსებიც, რაც სამარცხვინოა. მართვის მოწმობის გამოცდის
პრაქტიკაში გადატანაზე შსს-ს პოზიცია მოვისმინეთ, რომ ამისთვის
ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, ამას ვერ
ვხვდები. მრავლად არის ისეთი ქუჩები და გზები, სადაც მოძრაობა
ინტენსიური არ არის, შეიძლება სწორედ აქ ჩააბარონ და რა პრობლემას
წარმოადგენს არ ვიცი.“
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია რამდენიმე დღეში საზოგადოებას
წარუდგენს იმ კვლევის შედეგებს , თუ როგორ ისწავლება საჭის მართვა და
საგზაო ნიშნები საჯარო და ავტოსკოლებში. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ
ამ მხრივ მდგომარეობა კატასტროფულია.
„ავტოსკოლები მოსწავლეებს რეალურად ამზადებენ მხოლოდ
იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღონ. თითქმის არ ხდება მძღოლის
უნარ-ჩვევების გამომუშავება, უბრალოდ, აზეპირებინებენ. ვისაც როგორ
ესმის, ისე ასწავლის. სერიოზული ცვლილებებია საჭირო, როგორც საჯარო,
ასევე ავტოსკოლებში. აქედან ვხედავ, ავარიების შემცირების გარკვეულ
საფუძვლელს. საქართველოში მძღოლი, რომელიც მართვის მოწმობას იღებს, არ
აქვს საჭირო უნარ- ჩვევები, შესაბამისად, ვერ გრძნობს
პასუხისმგებლობას, ვერ ახერხებს რისკის თავიდან არიდებას. ევროპულ
სკოლებში ისწავლება ავარიის თავიდან აცილების მართვა. ჩვენთან, გზაზე
გამოდის მძღოლი, რომელმაც არ იცის წვიმაში ტარება, ღამე საჭის მართვა,
მოყინულ და თოვლიან გზაზე გადაადგილება. აქედან გამომდინარე, მარტო
იმით, რომ გამოცდა ქალაქში ჩააბარონ, რეალური სურათი არ
შეიცვლება.“
ცვლილების შემდეგ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რომ
გართულდება, ამაზე თავად შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც
საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული სიახლე ძალაში 2017 წლის მეორე
ნახევვრისთვის, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის შევა.
მასალის გამოყენების პირობები