გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის მშენებლობის სამუშაოები
მიმდინარეობს, რის გამოც მოვაჭრეებმა ტერიტორია დატოვეს და ქუჩაში
გადაინაცვლეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ ალტერნატიული
ფართი შესთავაზა, თუმცა, ისინი გლეხურ ბაზარში გადასვლას არ აპირებენ.
გურჯაანის პოლიციამ გუშინ გაფრთხილებაც მისცათ.
- " მშენებლობა მიდის, იმ ადგილას დიდ მანქანები და ამწეები
დადიან. საშინელი მტვერი და ხმაურია. დღეში რამდენჯერმე მიწევდა
ქოლგის აღება და გადატანა, რომ მანქანა შემოსულიყო. პროდუქტი მზეზე
ეყარა, ერთი ყუთი პომიდორი გამიოხრდა. გუშინ გამგეობიდან და
პოლიციიდან იყვნენ მოსულები. გვითხრეს, ააბარგეთ და აგრარულ ბაზარში
გადადით, თორემ ჯარიმას დაგიწერთო. იქ კიდევ ადგილი არ არის, სად
დავეტევით ამდენნი. ჯარიმას რით გადავიხდით, პურის ფულს ძლივს
ვშოულობთ. ეს რა მთავრობაა, იმის მაგივრად რომ ხელი შეგვიწყონ, რა
დღეში გვყრიან“- აღნიშნა ნანა მესხიშვილმა.
მის მსგავსად პოლიციამ გაფრთხილება მისცა ნინარი ხარატიშვილს.
- „გამოგვიცხადეს, აიბარგეთ და გლეხურ ბაზარში წადითო. იქ
როგორ გადავალთ, დახლები არ არის და კარგი ადგილები უკვე დაკავებულია.
აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ, იძახიან ჯარიმას დაგიწერთო. პენსია
ბანკის ვალებს არ ჰყოფნის და აქ იმიტომ ვზივარ საჭმლის ფული ვიშოვო,
ჯარიმას როგორ გადავიხდი.“
გარემოვაჭრების პრეტენზიებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
უპასუხეს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
თანახმად, გარევაჭრობა აკრძალულია, ამიტომ ჩვენ კანონს ვერ
დავარღვევთ. ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური ადგილია
გამოყოფილი. ასეთი ფართზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია. გარემოვაჭრეებმა
პატივი უნდა სცენ კანონს და გლეხური ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდნენ,
იქ არის ალტერნატიული ადგილი. ბაზარი, რომლის რეკონსტრუქციაც
მიმდინარეობს, თვენახევარში დასრულდება და ჩვეულებრივ იქ
დაბრუნდებიან.“
გარემოვაჭრეები თავდაპირველად წმინდა ნინოს ქუჩაზე, ცენტრალურ
მაგისტრალზე ვაჭრობდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, პროტესტის
მიუხედავად, ისინი მიმდინარე წლის თებერვალში რუსთაველის ქუჩაზე
გადავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები