დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდნაურის ნაქალაქარზე გათხრის დროს
სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპულ
მხედართმთავარს ეკუთვნის.
ჩონჩხს მუცლის არეში ისრის პირი აღმოაჩნდა, რომელიც კავკასიური
წარმომავლობისა არ არის. ასევე, მას ზურგთან ჰქონდა ბრინჯაოს მახვილი,
რომელიც ძვ.წ.აღ-ის XIII საუკუნეს მიეკუთვნება. უნიკალური აღმოჩენა
კულტურის მინისტრის მოდგილემ ლევან ხარატიშვილმა და კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ
დაათვალიერეს.
„აღნიშნული ფაქტები, როგორც გვპირდებიან გადატრიალებას მოახდენს
ისტორიაში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი აზრით ეს ვიზიტორების
რიცხვს გაზრდის დედოფლისწყაროში, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს
მუნიციპალიტეტს.“-აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
დიდნაურის ნაქალაქარი სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად
აღმოაჩინეს და გასულ წელს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.
სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით,
ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; აღმოჩენილი
არქეოლოგიური მასალის მიხედვით კი ძვ. წ. მეორე ათასწლეულის
დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები