"ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული მსხვერპლთან"- თინა ხიდაშელი
"ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული მსხვერპლთან, რომელიც
ხელოვნურად არის შექმნილი“- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა
ხიდაშელმა გააკეთა.
მისი გადაწყვეტილებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში
საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც
დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში,
საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურის შესაძლებლობა ეძლევა.
ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს
თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა. ორი დღის წინ კი
თინათინ ხიდაშელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და
მიცემული პირობის აღსრულება პირადად აცნობა.
„ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვიყავით ამ ბატალიონში. შეიარაღებული
ძალების სხვა ქვედანაყოფების მსგავსად, ამ ბატალიონის ერთ-ერთი
პრობლემა სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ადგილიდან შორს
ყოფნაა, რადგან დანაყოფი საზღვრის უკიდურეს ნაწილშია განთავსებული.
პრობლემა, რომელიც პირად შემადგენლობას ჰქონდა, ეს იყო მანძილი
საცხოვრებელ ადგილსა და სამხედრო ნაწილს შორის. ბუნებრივია, ყველა
სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება
არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც
მოშორებით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა, არიან
ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვს - ზოგს
მშობლები ჰყავთ ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ
გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს,
ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების
განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს, დავეხმარებოდით.
ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია საკუთარ
საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს“,- განაცხადა თინა
ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი კონტრაქტის
დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების
არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან
ახლოს იმსახურებენ.
მასალის გამოყენების პირობები