15 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო
იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
პირადობის აღებას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ
ან ცხრა ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, რომელთა პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა.
გარდა ამისა, პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ პირები, რომელთაც არ
გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(პირადობის მოწმობა, პასპორტი).
"იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები
გათავისუფლდნენ როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის
დაწესებული საფასურის გადახდისგან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა
გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო
სიების სრულყოფას.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის
უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე
არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე
მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით,
საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის
ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო
სახელმწიფო დოკუმენტია.
პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის
ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. აქციის თაობაზე
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე
(sda.gov.ge; psh.gov.ge); ასევე, სკაიპის მისამართზე (sda.gov.ge) და
ტელეფონის ნომრებზე − 2 405 405 და 240 10 10", პ- ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები