კითხვა: რა არის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო?
პასუხი: 2014 წლის 02 მაისს საქართველოს პარლამენტმა
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"საქართველოს კანონი
მიიღო, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 07 მაისს.
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის
უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის,
მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული,
ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის,
ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური
ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების,
ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა
სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ
რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით.
კითხვა: რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს დისკრიმინაციის
აღმოსაფხვრელად?
პასუხი: დისკრიმინაციის
აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა
რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა
ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი
რეაგირება მოახდინოს;
გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს
კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა
დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს
დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების შეულახავად.
კითხვა: ვინ ახორციელებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის
უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას?
პასუხი: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და
თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს
სახალხო დამცველი.
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების
განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის
განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად
მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის
არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის
რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად
წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ
ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების
სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული
ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით
დაასრულოს;
ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით
მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით
დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები,
რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს
და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან
ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის
რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს
საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის
ფაქტების შესახებ;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების
ცნობიერების ასამაღლებლად;
კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო
და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
კითხვა:როგორ ხდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
საქმის განხილვა?
პასუხი: პირმა, რომელიც საქართველოს
სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის
ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის
საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები ასევე,
უნდა წარადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც
დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა,
რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ
პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ
განხორციელებულა.
თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია
დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით
დასასრულებლად. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს
სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო,
სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული
მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით
დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს
მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ინფორმაცია ნებაყოფლობით
კერძო პირისგან მიიღება, მას საკუთარი მოთხოვნით შეიძლება
აუნაზღაურდეს ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ასლის გადაღების
და საფოსტო მომსახურების ხარჯები.
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას/საჩივარს განიხილავს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო
დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: დავას სასამართლო განიხილავს,
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ან მიმდინარეობს სისხლის
სამართლებრივი დევნა.
კითხვა: ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით?
პასუხი: ნებისმიერ პირს, რომელიც თავს
დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში
შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი
ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს
მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
მასალის გამოყენების პირობები