"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" კახეთის სამ მუნიციპალიტეტში-
ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში ახორციელებს პროექტს "ქალები
ქალებისათვის". ორგანიზაციამ ორი შეხვედრა უკვე გამართა.
-"გვინდა, მიზნობრივ აუდიტორიას ძალადობის ძირითადი
მახასიათებლები გავაცნოთ. საუბარი შეეხება ქალთა და ბავშვთა უფლებებს,
ძალადობასა და მის ფორმებს, მათ შორის, ოჯახურს. სამწუხაროდ, მსგავსი
ფაქტები კახეთის რეგიონში საკმაოდ ხშია. აქამდე, მუნიციპალიტეტის
გამგებლებსა და მათ წარმომადგენლებს სოფლებში, არ ჰქონდათ უფლება,
ძალადობის დროს რაიმე ფორმით ჩარეულიყვნენ. პარლამენტს ინიციატივა
ჩვენმა ორგანიზაციამ წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანომ კი ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს ამის იურიდიული უფლება მიანიჭა. ეს
ცვლილება კარგია. ჩვენ კი ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, მაგრამ
რაიონის ხელმძღვანელებს მეტი ავტორიტეტი აქვთ. ეს თავად მათზეა
დამოკიდებული, რა ფორმით ჩაერევიან, უფლება აქვთ გამოიძახონ პოლიცია
და დააპატიმრონ მოძალადე. გურჯაანში, არის ასეთი შემთხვევა, 16 წლის
გოგონა ძალადობის მსხვერპლია, ის თავშესაფარში მოვათავსეთ, 16 წლისაა
და ბავშვს ელოდება. მამამ ოჯახიდან გააგდო და სახლში არ უშვებს. მინდა
ვთხოვო გამგებელს, გოგონას დასახმარებლად რაიმე ღონისძიება გაატაროს.
პროექტის "ქალები ქალებისათვის" მიზნობრივი ჯგუფია სოფელში მცხოვრები
20-დან 35 წლამდე ქალები, ასევე გამგებლის წარმომადგენელი ქალები. მათ
უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რისი უფლება აქვთ ძალადობის დროს. მინდა
აღვნიშნო ისიც, რომ ბევრმა არ იცის შემაკავებელი ორდერის არსებობის
შესახებ, ერიდებათ პოლიციის გამოძახების, არადა ეს მათი
უფლებაა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში "ძალადობისგან
დაცვის ეროვნული ქსელის" კახეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე
ჯილდა ნიბლაძემ.
აქვე განვმარტავთ, რომ "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი"
არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისია ქვეყანაში არაძალადობრივი
საზოგადოების შექმნის ხელშეწყობაა. ის 2003 წლის 21 ოქტომბერს
დაფუძნდა.
მასალის გამოყენების პირობები