ნანუაშვილი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს
მთავარ პროკურორს ბრალდებულ დ.გ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან
განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების
დაუყოვნებლივ დაწყების წინადადებით მიმართა.
"საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა
ბრალდებულ დ.გ.–ს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი 2016 წლის 25 ივნისს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე – საბურთალოს სამმართველოს I
განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს, რომელთაც არ განუმარტავთ რომ
სამართალდამცავები იყვნენ. ბრალდებულის მტკიცებით, დაკავებისას მას
წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა, მაინც გადაუგრიხეს ხელები და
დააწვინეს ასფალტზე. ამავე დროს, პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა
ორჯერ ჩაარტყა იარაღის ტარი სახეში. შემდგომ, ავტომანქანაში, პოლიციის
განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციის თანამშრომლები თავში ურტყამდნენ
ხელებს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
პენიტენციური დაწესებულებიდან მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაციის
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ N8 დაწესებულებაში შესვლისას
ბრალდებულ დ.გ.–ს ორივე თვალის ქვედა კიდურთან მოლურჯო ფერის კანქვეშა
სისხლნაჟღენთი და ცხვირზე ფუფხით დაფარული ექსკორაცია
აღენიშნებოდა."- ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბრალდებულის
მიმართ დაკავებისას არასათანადო მოპყრობას, რაც საჭიროებს დროული,
ზედმიწევნითი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების
დაუყოვნებლივ ჩატარებას. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში
კი არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირების დადგენა და მათ მიმართ
მართლმსაჯულების განხორციელება უნდ მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები