მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო.
ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი ღირს.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, თუ მანქანა
სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მასზე სპეციალური სერტიფიკატიც
გაიცემა. მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით
იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკურ შემოწმებას შპს „აირბალონი“ და
შპს „გაზინჟინერი“ განახორციელებს. საჯარიმო სანქციის აღსრულება
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის
პაატა გოგოლაძის თქმით, ბევრ სატრანსპორტო საშუალებას საქართველოში
დაყენებული აქვს ფეთქებადასაშიში ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის
ადამიანებს.
„გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს.
აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და
ჯანმრთელობასაც. ამიტომ, მათი შემოწმება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, თუ რატომ
არ იღებს მთავრობა ზომებს, რომ ასეთი შემოწმება დაიწყოს. ამჟამად
აკრედიტებულია ორი კომპანია, ხოლო მესამე უკვე აკრედიტაციის
პროცესშია. როდესაც კომპანიას აკრედიტაცია აქვს, მას უკვე
კანონმდებლობით ენიჭება უფლება, რომ შემოწმება განახორციელოს.
ჯერჯერობით ორი ასეთი ორი კომპანია გვყავს: „აირბალონი“ და
„გაზინჟინერი“. მალე მათ სხვებიც მიემატებიან, ალბათ სულ ცოტა, 5
კომპანია მაინც იქნება, რომელიც ინსპექტირებას
განახორციელებს“,- განაცხადა პაატა გოგოლაძემ.
ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ბუნებრივ აირზე
(გაზზე) მუშაობს, ტექნიკური შემოწმება 2017 წლის 1
იანვრამდე უნდა გაიაროს.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში გაზის სისტემით 150 ათასზე
მეტი ავტომანქანა მოძრაობს.
მასალის გამოყენების პირობები