კითხვა : რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?
პასუხი: ნასყიდობა არის ორმხრივი, კონსესუალური და
სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა
გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული
საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს
გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
კითხვა: რა შეიძლება გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი/რაზე
შეიძლება ხელშეკრულების დადება?
პასუხი: ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება
გახდეს უძრავი ან მოძრავი ნივთი
უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით,
მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც
მყარად დგას მიწაზე. ყველა ნივთი რომელიც არ მიეკუთნება უძრავ ნივთს
არის მოძრავი.
მოძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები კერძოდ, აწონის,
გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო
ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და
გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
უძრავი ნივთის გაყიდვისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების
წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ეკისრება გამყიდველს.
მოძრავი ნივთის შემთხევაში მის ფაქტობრივ მფლობელად ითვლება მისი
მესაკუთრე, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის
ჩანაწერების მიხედვით.
კითხვა: რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს
გამყიდველის მიერ ქონების რამდენიმე პირისთვის მიყიდვის
შემთხვევაში?
პასუხი: თუ გამყიდველმა ერთი და იგივე ქონება
რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის
მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ
გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.
კითხვა: ვის მხარეს არის ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკი?
და როდის შეიძლება ხელშეკრულებაზე უარის თქმა?
პასუხი: გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად
მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ
მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა
ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის
შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ
მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის
შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.
ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების
შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ
არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის
მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.
უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
კითხვა: რას ნიშნვავს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
ნივთი?
პასუხი: ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი
შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული,
მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ
ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი
ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას
ვერ მოახდენს შესრულებაზე.
ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს
მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს
უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული
უფლება.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის
გულუხვი დახმარების წყალობით,
რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით
იქნა გაწეული.
შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა“,
ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის,
USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
მასალის გამოყენების პირობები