16 წლის მარი ჩუბინიძე სოფელ ახაშენში ე.წ. „ვაჟკაცას უბანში“
ცხოვრობს. გზა, რომელზეც მას სკოლაში წასასვლელად ყოველდღე უწევს
სიარული, იმდენად დაზიანებულია, რომ განსაკუთრებით წვიმის დროს,
ფაქტობრივად, გავლა შეუძლებელია.
როგორც მარი ამბობს, ამის გამო პრობლემა ბევრჯერ შექმნია.
„წვიმიან ამინდში მარტო მე კი არა, ყველას უჭირს სიარული. ჩვენს
სკოლაში რამდენიმე პედაგოგი ველისციხიდან დადის. ეს მოკლე გზაა და
ამით სარგებლობენ. დიდი გუბეების გამო ბევრჯერ შორი გზიდან მოუვლიათ.
როცა წვიმს აქ ჭაობია. სკოლაში სულ ტალახიანები და სველები მივდივართ.
ჩვენი სახლი ისეთ ადგილას დგას, რომ წყალი პირდაპირ ეზოში შემოდის,
ხან პირველი სართულიც იტბორება. ამ გზის გაკეთება მართლაც
აუცილებელია,“- აღნიშნა მან.
ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს ამავე უბნის მკვიდრი ნათია ყაჭიური,
რომელსაც სამი წლის ბავშვი საბავშვო ბაღში სწორედ ამ გზით
დაჰყავს.
„გზაზე გავლა დღეში ორჯერ მიწევს დილით და საღამოს. წვიმის დროს,
საბავშვო ბაღში ბოტებით მივდივარ. ბილიკიც არ რჩება გასავლელად.
როდესაც გუბე დგა, მეზობელი მანქანით ვერ შემოდის და სხვა გზიდან
უვლის. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქეთ-იქიდან ორივე გზა ასფალტიანია,
მარტო ეს მონაკვეთიღაა დარჩენილი. გარდა ასფალტისა, აქ სანიაღვრეების
მოწყობაც აუცილებლია.“
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამი წლის წინ გზაზე ქვიშა გაშალეს,
მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარებულა.
„რამდენიმე მანქანა ქვიშა დაყარეს, მხოლოდ გზა ამაღლდა და უარესი რამ
მოხდა. როგორც გავიგეთ, ეს ქუჩა თავის დროზე ჩასვეს პროექტში, რომ
ასფალტი დაგებულიყო, მაგრამ მერე პროექტიდან ამოიღეს და სხვა ქუჩა
გააკეთეს.“
გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ახაშენში გიორგი მელექსიშვილის
განმარტებით, მიმდინარე წელს ქუჩაზე მხოლოდ სანიაღვრე არხების მოწყობა
იგეგმება.
„ამასთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია, რკინა-ბეტონის
სანიაღვრეები უნდა მოეწყოს. ამით გუბეების პრობლემა მოგვარდება. მეც
მაქვს იმის სურვილი, რომ სოფელში ყველა ქუჩა მოასფალტებული იყოს,
მაგრამ ვერ ხერხდება. მხოლოდ მთავარი ქუჩები გაკეთდა.
სანიაღვრეებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო,“-აღნიშნა
მან.
რაც შეეხება მოსახლეობის ბრალდებას, რომ აღნიშნული უბანი პროექტიდან
ამოიღეს და ასფალტი სხვა ქუჩაზე დააგეს, გამგებლის წარმომადგენელი არ
ადასტურებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის ინფორმაციით, სოფელ
ახაშენში სანიაღვრეების მოწყობისთვის ბიუჯეტში 25 ათასი ლარია
განსაზღვრული. სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები