80 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა
გურჯაანის მკვიდრი, სოფელ შაშიანში მცხოვრები, ღვაწლმოსილი პიროვნება,
მწერალი, კალიგრაფისტი, მწერალთა კავშირის წევრი, მრავალი ჯილდოსა და
სიგელის მფლობელი შალვა სირბილაშვილი.
ვეფხისტყაოსნის ძალას ბავშვობაში ეზიარა. პირველ შთაბეჭდილებას
ამძაფრებდა ფილმი, „აკაკის აკვანი“, სადაც მომავალ პოეტს,
ყმაწვილობაში დედა უკითხავდა ამ გენიალურ ნაწარმოებს. წიგნის
ჯადოსნური ძალა ნელ-ნელა ეუფლებოდა, სწორედ, ეს გახდა შთაგონების
წყარო. ვეფხისტყაოსნის ზეპირად შესწავლა გადაწყვიტა, ვერ მოასწო,
თუმცა ეს ღრმა ემოცია, აღმოჩნდა საწინდარი იმ ხელნაწერებისა, რომელიც
საფუძველი გახდა ვეფხიტყაოსნის ექვსი კალიგრაფიული ნიმუშისა. ამათგან
ერთი, ბატონმა შალვამ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს
მიუძღვნა.
სხვადასხვა დროს, მისი ავტორობით გამოიცა ლექსების კრებული: „შენი
ღიმილი მიშველის“, „ღამე მუხიანში“, ლექსებისა და ნოველების კრებული
„მაღლიდან ზეცა ზურმუხტმცინარე“ , რომანი „ოქროს სათვალე“ და
სხვა.
25 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა იურისპუდენციაში, გამომძიებლად,
ასევე ადვოკატად.
ფართო საზოგადოებამ ბატონი შალვა 2013 წელს გადაცემა „იმედის
გმირების“ საშუალებით გაიცნო.
აქ მისი ისტორია
1957 წლის შემოდგომიდან იწყება. კომკავშირის ინიციატივით,
ქალაქებისა და სოფლების გამწვანებისთვის ახალგაზრდებმა შეჯიბრი
გამოაცხადეს. შალვა სირბილაშვილმა 555 ძირი ხე დარგო, მაგრამ მიზანი
რაოდენობა კი არა, მათი გახარება იყო. სწორედ ამიტომ, ლისის, კუს
ტბის, ტაბახმელას გზაზე, თუ ცირკის მიმდებარედ, თამარ მეფის ხიდამდე,
ეფერებოდა ნარგავებს; ორმოცდაათლიტრიანი ტიკით მიჰქონდა წყალი და
რწყავდა. ხანშიშესული კი, შვილიშვილებსაც ასწავლიდა, რომ მისი
რუდუნებით დატოტვილი ჭადარი, თუ კიპაროსი „ქალაქის ფილტვებია“; უნდა
ახსოვდეთ, რომ: „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არა, ფესვებიდან
იზომება“...
მასალის გამოყენების პირობები