ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა ჭანდრის ბაგა-ბაღის მენეჯერის მარინა
ბიღიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, მენეჯერი თანამდებობიდან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური
ნიშნით გაათავისუფლეს.
სიბაშვილის თქმით, ყოფილ მეჯენერზე წელიწადნახევრის განმავლობაში
ხელმძღვანელი პირების მიერ ზეწოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ბაღში
ჩატარებული მონიტორინგის დროს საოფისე ინვენტარის - ტუალეტის
ქაღალდისა და ღრუბელის მითვისებაში დასდეს ბრალი და გაათავისუფლეს.
ადვოკატს სასამართლოში ორი სარჩელი აქვს შეტანილი: მენეჯერისთვის
გამოცხადებული საყვედურის გამო და თანამდებობაზე აღდგენის
მოთხოვნით.
„ყველაფერი 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც მარინა კენჭს იყრიდა
დამოუკიდებელ კანდიდატად ჭანდარში. 2015 წლიდან უკვე დაიწყო
პიროვნების შევიწროება, პირდაპირი მითითება იყო, რომ დაწერე
განცხადება და წადი სანამ ჩვენ გაგაგდებთო. ეს მეორდებოდა
სისტემატურად. როდესაც კენჭს იყრიდა, მასთან არაერთხელ მივიდა,
რაიონის ხელმძღვანელობა და კატეგორიულად მოსთხოვა მოეხსნა
კანდიდატურა. მან უარი განაცხადა და ბოლომდე იბრძოლა. სხვა რომ
ვერაფერი მოუძებნეს, დაუთვალეს 15-20 ლარის სამეურნეო საქონლის
სისწორე. ისინი ცდილობენ ბიღიაშვილს მოედავონ სისხლის სამართლის
წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ თურმე მას არასწორად აქვს ნაწარმოები
სამეურნეო საქონლის ჩამოწერის უწყისი.“ -აღნიშნა გიორგი
სიბაშვილმა.
მარინა ბიღიაშვილის განმარტებით, მასზე დევნა არჩევნების
დამთავრებისთანავე დაიწყო.
„ჩემზე დაიწყო, როგორც პიროვნული, ასევე თანამდებობრივი დევნა.
გაერთიანების დირექტორი მაფრთხილებდა: მე მაქვს დავალებული
გაგათავისუფლო თანამებობიდან ნებისმიერი მოტივით და თუ შენ თვითონ
მიიღებ გადაწყვეტილებას, უკეთესი იქებაო. არ ვაპირებ ჩემი პოზიციების
დათმობას, მე ღირსეულად ვცხოვრობდი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი
სიმართლის დასამტკიცებლად! ყოველთვის წარმატებული მენეჯერი
ვიყავი,“-აღნიშნა მან.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი
ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ მენეჯერის გათავისუფლება არა
პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლიანად მოხდა.
„გასული წლის ოქტომბერში მარინა ბიღიაშვილს გამოეცხადა საყვედური
სამსახურში დაგვიანებისთვის, დეკემბერში მიეცა გაფრთხილება. მარტში
გაკეთდა მონიტორინგი და სასტიკი საყვედური გამოეცხადა და შესაბამისად,
მიეცა ორთვიანი ვადა არსებული დარღვევების გამოსასწორებლად.
აბსოლიტურად სამართლიანად არის განთავისუფლებული. “-აღნიშნა მან.
როგორც გიორგი სიბაშვილმა განმარტა, უკვე მოხდა მარინა ბიღიაშვილის
დაკითხვა და ჩატარდა შესაბამისი პროცედურები.
მასალის გამოყენების პირობები